ვინჩენცო კოპოლას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაფართოებისა და საოკუპაციო ზოლში შეღწევის მოლოდინი აქვს
ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური, მსოფლიოს მასშტაბით არსებული ევროკავშირის ათივე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ვინჩენცო კოპოლა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ არსებობს მოლაპარაკებების ნება, შესაბამისად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაფართოება და საოკუპაციო ზოლში შეღწევა არ განიხილება, თუმცა მას ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.
„პოზიტიურია ის, რომ დისკუსია გაგრძელდება ყველა შესაძლო დონეზე, იქნება ეს ჟენევა თუ მოხდება ეს ადგილზე. რა თქმა უნდა, იმის შესაძლებლობა, რომ EUMM-ი გასცდეს ხაზებს, არაა დღევანდელი განხილვის საკითხი, რადგან ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. ეს ნება მეორე მხარეს ამ ეტაპზე არ არსებობს. გვჯერა, რომ პოლიტიკური დისკუსიების გაგრძელებით შეიძლება მივაღწიოთ გარკვეულ შედეგებს, თუმცა როდის, ეს არ ვიცით“, – აღნიშნა ვინჩენცო კოპოლამ პირველ არხთან საუბრისას.
ვინჩენცო კოპოლა უკვე შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს და EUMM-ის დახმარებით ოკუპირებული რეგიონების მიმდებარედაც იმყოფებოდა.
„ამ ადგილებში ჩვენი მონიტორების სამუშაო დროდადრო იცვლება, რადგან პოლიტიკური სიტუაცია არ უმჯობესდება, ეს უდავოა. მე ვნახე ხელისუფლების შესაბამისი თანამშრომლობა ექვსივე ლოკაციაზე, სადაც კი ვიყავით. ვიხილე ისიც, რომ მეორე მხარეს, რუსეთის მხარეს იგივე ვითარება არ არის. ჩვენი პერსონალი პროაქტიულია და არა მხოლოდ პასუხობს რთულ სიტუაციას, არამედ ცდილობს პრობლემა გადაჭრას. თუმცა, მიუხედავად კმაყოფილებისა, უნდა ვიყუროთ წინ, რადგან შეგვიძლია, მეტი გავაკეთოთ, მეტი ტექნიკური და პროფესიული რესურსით. ჩვენ შეგვიძლია, გავცდეთ იმ წერტილს, სადაც ვართ“, – აღნიშნა კოპოლამ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.