ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიამ თუ პარლამენტმა - ამ საკითხზე მსჯელობა სავარაუდოდ გაგრძელდება
ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიამ თუ პარლამენტმა - ამ საკითხზე მსჯელობა სავარაუდოდ გაგრძელდება

ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიამ თუ პარლამენტმა – ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა სავარაუდოდ გაგრძელდება.

ცვლილებას, რომელიც კონსტიტუციაში უკვე შესულია, ხარვეზიანად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ირაკლი კობახიძემ დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამასი ადამიანის მიერ პრეზიდენტის არჩევის წესის განხილვას უკვე მოჰყვა ნეგატიური პოლიტიკური ეფექტი და მისი აზრით, საპარლამენტო არჩევის წესი იურიდიულად ბევრად უფრო გამართლებულია.

„წინა განხილვაზეც დაისვა ეს საკითხი, იურიდიულად იყო თუ არა გამართული ეს პროცედურა. ნეგატიური პოლიტიკური ეფექტი უკვე სახეზეა – როდესაც წარვმართეთ საყოველთაო-სახალხო განხილვა, იქ გამოჩნდა, რომ ამ სისტემის მთლიანად გაკრიტიკების საფუძველი მივეცით. საუბარი იყო იმაზე, რომ „ვიღაც სამასი კაცი“ ირჩევს პრეზიდენტს. ანუ საბაბი მიეცათ ოპონენტებს იმისთვის, რომ ეს წესი გააკრიტიკონ. როგორც კი პრეზიდენტის არჩევის მომენტში დაისმება ლეგიტიმაციის საკითხი, „ვიღაც სამასი კაცი“ ვინ არის და აქაც არსებითი პრობლემა დაკავშირებულია თვითმმართველობასთან, თუ რატომ არიან ისინი ჩართული ამ პროცესში, როცა ეს ადმინისტრაციული დონეა, იქ უკვე მეტი პრობლემა შეიძლება შეიქმნას.

აქ არის დილემა ასეთი – ერთი, რომ მაქსიმალურად ვერიდებით ცვლილებების შეტანას უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში, თუმცა, მეორე მხარეს დგას სხვა რამე, მეორე მხარეს დგას პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ინტერესი და ამ შემთხვევაში, უმჯობესია, რომ არც საბაბი და არც საფუძველი არავის დავუტოვოთ იმის თქმის, რომ პრეზიდენტი არის არჩეული „შედარებით გაუგებარი“ ინსტიტუტის მიერ. რა თქმა უნდა, საპარლამენტო წესი არის კითხვის ნიშნების გარეშე, მთლიანად, პარლამენტი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, ხალხის მიერ არჩეული, მკაფიო სტატუსის მქონე ორგანო და პროპორციებიც არის შესაბამისად დაცული. შეგვიძლია, განვავრცოთ ამასთან დაკავშირებით მსჯელობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.