ვინ იყო ჰენრიეტა ლაკსი — ქალი, რომლის უკვდავმა უჯრედებმა მედიცინა სამუდამოდ შეცვალა #1tvმეცნიერება
ჰენრიეტა ლაკსის უკვდავი უჯრედები მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენეს პოლიომიელიტის ვაქცინის შექმნაში, კლონირებაში, გენეტიკურ კვლევებში და ა. შ.
თუმცა, ეს უჯრედები მისი ნებართვის გარეშე შეაგროვეს და ამით მის ოჯახს არასოდეს უსარგებლია.
რამდენიმე დღის წინ, ლაკსის ოჯახმა საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას მასაჩუსეტსში ბაზირებულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Thermo Fisher Scientific-თან ამ უჯრედების კომერციული გამოყენების შესახებ. მათ HeLa უჯრედებს უწოდებენ, ლაკსის გვარ-სახელის პირველი ასოების მიხედვით.
რატომ არის ეს შემთხვევა ასეთი გახმაურებული? ვინც არ იცით, სტატიაში მოგიყვებით ტრაგიკულ ამბავს, რომელიც ამ საოცარი მემკვიდრეობის მიღმა იმალება.
ჰენრიეტა ლაქსი ხუთი შვილის დედა იყო; 1951 წლის 4 ოქტომბერს, ის საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაიცვალა 31 წლის ასაკში.
ლაკსი აფროამერიკელი თამბაქოს ფერმერი იყო. მკურნალობას ის ჯონ-ჰოპკინსის ჰოსპიტალში გადიოდა, სადაც მას საშვილოსნოს ყელის ორი ნიმუში ამოუღეს — ჯანმრთელი და სიმსივნური ნაწილი; როგორც მაშინ ხშირად ხდებოდა, ამის შესახებ მან არაფერი იცოდა და შესაბამისად, ექიმებს არც ნებართვა ჰქონდათ.
ეს უჯრედები დოქტორ ჯორჯ ოტო გეის გადაეცა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მათ ისეთი რაღაც შეეძლოთ, რაც იქამდე არასოდეს ჰქონდათ ნანახი ადამიანის უჯრედებში — ცოცხლად შენარჩუნება და მათი განუსაზღვრელი დროით ზრდა.
იქამდე, კულტივირებული უჯრედები ლაბორატორიაში მხოლოდ რამდენიმე დღეს ძლებდა.
გეიმ ერთი კონკრეტული უჯრედის იზოლირება შეძლო და სათავე დაუდო უჯრედების პირველ უკვდავ ხაზს, რომელსაც მან HeLa უწოდა.
მას შემდეგ, ამ უჯრედებზე ცდიან ტოქსინებს, ვირუსებსა და რადიაციას, გზავნიან კოსმოსში და ამრავლებენ უთვალავჯერ.
ისინი გამოყენებულია ათასობით სამედიცინო გარღვევაში და დიდი წვლილი შეიტანეს პოლიომიელიტის ვაქცინის შექმნაში, კლონირებასა და გენეტიკურ კვლევებში.
2014 წლის მონაცემებით, მეცნიერებს უკვე გაზრდილი ჰქონდათ დაახლოებით 20 ტონა HeLa უჯრედი და ეს უჯრედები გამოყენებული იყო თითქმის 11 000 პატენტში.
ერთი მკვლევრის შეფასებით, HeLa უჯრედები მთლიან დედამიწას სულ მცირე სამ ფენად გადაეფარებოდა.
სამწუხაროდ, ჰენრიეტას ოჯახს არასოდეს მიუღია რაიმე კომპენსაცია ამ დონაციისთვის და უმეტეს მათგანს, ჯანდაცვის დაზღვევაზეც კი არ მიუწვდებოდა ხელი.
2010 წელს, ამ თემაზე ბესტსელერი წიგნი, „ჰენრიეტა ლაკსის უკვდავი ცხოვრება“ დაწერა ჟურნალისტმა რებეკა სკოტმა.
წიგნის წაკითხვის შემდეგ, აშშ-ის მერჰაუსის სამედიცინო სკოლის მკვლევარმა როლანდ პატილიომ ლაკსს საფლავის ქვა მიუძღვნა. იქამდე, მთელი ათწლეულების განმავლობაში, მის საფლავზე ქვაც კი არ იდგა.
ქვას წიგნის ფორმა აქვს და ზედ წერია:
ჰენრიეტა ლაკსი,
1 აგვისტო, 1920 — 4 ოქტომბერი, 1951
ფენომენალური ქალის, ცოლისა და დედის ხსოვნას, რომელიც მრავალი ადამიანის სიცოცხლეს შეეხო.
აქ განისვენებს ჰენრიეტა ლაკსი (HeLa). მისი უკვდავი უჯრედები სამუდამოდ გააგრძელებს კაცობრიობის სამსახურში ყოფნას.
მარადიული სიყვარულით და აღტაცებით, შენი ოჯახი
მადლობა, ჰენრიეტა
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.