ვინ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას
გვიან ღამით, ცხრასაათიანი დებატებისა და განხილვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული. დოკუმენტის სახელწოდებაა „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებისა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება“. მისი ავტორი რეგლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბელგიელი სოციალისტი დეპუტატი პეტრა დე სუტერია.
საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა სრული შემადგენლობის რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. დოკუმენტის წინააღმდეგ ასევე ხმა მისცეს პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და შვედეთის დელეგაციების წევრთა უმრავლესობამ.
რეზოლუციას სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს საფრანგეთისა და იტალიის დელეგაციებმა, ასევე ავსტრიის, აზერბაიჯანის, კვიპროსის, ესპანეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სერბეთის, სან მარინოსა და თურქეთის მთელმა დელეგაციებმა.
რუსეთის დაბრუნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მხარი დაუჭირა სომხეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჩეხეთის, მოლდოვის, რუმინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ფინეთის, ხორვატიის დელეგაციების წევრთა ნაწილმა.
საბოლოო ჯამში, სულ რეზოლუციას ასამბლეის 118-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 62 დელეგატი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა.