ვინ არის ხუან გუაიდო, რომელიც ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს
კარაკასში 23 იანვარს გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ის დროებით პრეზიდენტად მალევე აღიარა ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა, დონალდ ტრამპმა.
გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადეს სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის საქართველომ.
35 წლის ხუან გუაიდო მსოფლიო მედიისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც იანვარში ვენესუელის პარლამენტის – ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. ვენესუელის პარლამენტში ოპოზიცია უმრავლესობას ფლობს.
ხუან გუაიდო პარტია „სახალხო ნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის პარლამენტში 2015 წელს ვარგასის შტატიდან აირჩიეს. პარლამენტში ყოფნის პერიოდში ის იყო მადუროსთან დაკავშირებული რამდენიმე კორუფციული საქმის გამოძიების ინიციატორი.
ხუან გუაიდო ვენესუელის საპორტო ქალაქ ლა გუაირაში დედასთან და შვიდ და-ძმასთან ერთად იზრდებოდა.
„მე ვიცი, რას ნიშნავს, იყო მშიერი“, – განაცხადა ერთხელ პოლიტიკოსმა სიტყვით გამოსვლისას.
ის განათლებით ინჟინერია. სწავლობდა კარაკასში ანდრეს ბელოს კათოლიკურ უნივერსიტეტში, განათლება მიიღო ასევე ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში.
გუაიდო ოჯახთან ერთად 1999 წელს ლა-გუაირაში კატასტროფულ მეწყერს გადაურჩა, რომელსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. მეწყერმა მისი მშობლიური სახლი გაანადგურა.
„მე ვარ გადარჩენილი და არა მსხვერპლი“, – განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში, როდესაც სტიქიურ უბედურებას იხსენებდა.
სტუდენტურ წლებში იყო პოლიტიკური აქტივისტი და მონაწილეობდა უგო ჩავესის სოციალისტური მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში. 2009 წელს ჩამოაყალიბა პარტია „სახალხო ნება“ სხვა პოლიტიკურ აქტივისტებთან ერთად, რომელთა შორის იყო ოპოზიციის ყველაზე ცნობილი სახე ლეოპოლდო ლოპესი.
ლოპესი, რომელიც გუაიდოს უფროს მრჩევლად ითვლება, ამჟამად ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზების ბრალდებით შინაპატიმრობაში იმყოფება.
გუაიდომ 2015 წელს რამდენიმე კანონმდებელთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.
ეროვნული ასამბლეის სპიკერის თანამდებობა გუაიდომ 5 იანვარს დაიკავა და ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. მან განაცხადა, რომ აქვს კონსტიტუციური უფლება, ჩაიბაროს პრეზიდენტის უფლებამოსილებები მომავალ არჩევნებამდე.
მადუროს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ, 13 იანვარს გუაიდო ვენესუელის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
ვენესუელაში ხუან გუაიდო ცნობილია თავისი მშობლიური ქალაქის ბეისბოლის გუნდითა და სალსას ცეკვის სიყვარულით.