ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა [ფოტო, ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ვილნიუსში, საპატიო ყარაულის თანხლებით, ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ორი ქვეყნის სახელმწიფო დროშებს. შესრულდა საქართველოს და ლიეტუვის სახელმწიფო ჰიმნები.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა და დალია გრიბაუსკაიტემ ოფიციალური ფოტო გადაიღეს და საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა, პატივისცემის ნიშნად, საჩუქრები გაცვალეს. სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგას ცნობილი ქართველი მხატვრის, ზურაბ ნიჟარაძის ნატურმორტი უსახსოვრა.

ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ხათუნა სალუქვაძის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მიისწრაფვის, რომ ევროინტეგრაცის პროცესში საქართველოს მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოახდინოს.

„ვიზიტისას საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის არსებულ ყველა სტრატეგიულ მიმართულებას. ლიეტუვა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გვაქვს ურთიერთმხარდაჭერა ყველა აქტუალურ მიმართულებაზე. ლიეტუვა არის ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ნატო-სა და ევროკავშირს.

ლიეტუვა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ევროინტეგრაციის გაზაზე საქართველოს პარტნიორებისა და ერთგული მეგობრების მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოხდეს“, – განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.