ვილნიუსში პარტია „ნემანის განთიადის“ წევრის, იგნატას ადამოვიჩუსის კულტურის მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ პრეზიდენტის სასახლესთან აქცია იმართება
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში პოპულისტური პარტიის „ნემანის განთიადის“ წევრის, იგნატას ადამოვიჩუსის კულტურის მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქცია იმართება. ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
დემონსტრაციაში კულტურის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მერიაში აცხადებენ, რომ აქციაზე ორი ათასამდე ადამიანის შეკრების ნებართვა იყო გაცემული.
დემონსტრაციის ორგანიზატორებმა ასევე შეადგინეს პეტიცია, რომლითაც მოითხოვეს მინისტრის თანამდებობებზე არ დაინიშნოს პარტია „ნემანის განთიადის“ წევრები.
პეტიციას კულტურის სფეროს 50 000-მდე წარმომადგენლის ხელმოწერა აქვს. პეტიციაში გამოთქმულია შეშფოთება მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრად აღნიშნული პოლიტიკური ძალის წევრი დანიშვნის შესახებ. პეტიციის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ნემანის განთიადისთვის“ დამახასიათებელია პოპულისტური, ანტისემიტური და პრორუსული რიტორიკა და ის თავის პროგრამაში კულტურას ძალიან უმნიშვნელო ყურადღებას უთმობდა, ასევე არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია.
ლიეტუვაში ახალი სამთავრობო კოალიციის ფორმირების წინააღმდეგ დემონსტრაციები აგვისტოშიც გაიმართა. მაშინ აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ლიეტუვის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიის“ პრორუსულ ჯგუფებთან ალიანსის გამო. აგვისტოში „სოციალ-დემოკრატებმა“ ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ კოალიციური შეთანხმება გააფორმეს პოპულისტურ პარტიასთან, „ნემანის განთიადთან“, „ლიეტუველი ფერმერებისა და მწვანეების კავშირთან“ და პრორუსული განწყობებით ცნობილ „ქრისტიანული ოჯახების ალიანსთან“. ლიეტუვაში ახალი კოალიციის ფორმირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ივლისში პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გადადგა ბიზნესკავშირების სკანდალის გამო. პალუცკასის შემცვლელად „სოციალ-დემოკრატებმა“ სოციალური დაცვისა და შრომის მინისტრი ინგა რუგინენე წარადგინეს.