ვილი სანიოლი - შედეგისთვის გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯებიან, ეს ნიდერლანდებთან ვერ დავინახე #1TVSPORT
ვილი სანიოლმა ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა შეაფასა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.
– ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი, რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს, შესაძლოა, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.
– დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით.
– ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეფასების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნიდერლანდებთან შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.
– ენსხედეში გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი შედეგის საჩვენებლად გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართულები და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ, უკმაყოფილი ვარ.
– ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია, ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ეს სექტემბერში იქნება. მჯერა, რომ კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ.
– სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება – სხვადასხვა საწვრთნელ შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშეები უკეთესად წარმოაჩენენ შესაძლებლობებს. სექტემბერში გასამართ ოფიციალურ მატჩებამდე დაახლოებით სამი თვე გვაქვს. ამ პერიოდში, შესაძლოა, ბევრი რამ მოხდეს, ზოგი მოთამაშე გუნდს შეიცვლის, ზოგი ითამაშებს, ზოგი ვერა. განვლილი ორი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ.
ფოტო: gettyimages.com