ნიდერლანდებმა საქართველოს ნაკრებს კლასი უჩვენა [ვიდეო] #1TVSPORT
ნიდერლანდებმა საქართველოს ნაკრებს კლასი უჩვენა [ვიდეო] #1TVSPORT

ვილი სანიოლის გუნდი წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრაში „ტვენტეს“ სტადიონზე ნიდერლანდებს დაუპირისპირდა, მეტოქესთან ვერაფერს გახდა და დამარცხდა. ეს „ჯვაროსნების“ პირველი მატჩი იყო „ნარინჯისფერებთან“, რომელიც ევრო 2020-ს დაწყებამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრას ატარებდა – ფრანკ დე ბურის გუნდი ევრო 2020-ზე გამოსვლას 13 ივნისს ამსტერდამში უკრაინასთან მატჩით იწყებს და ცხადია, გენერალური რეპეტიციაზე კარგი განწყობის შექმნა სურდა.

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან სტუმრად ბოლო შეხვედრის მოგების შემდეგ გარკვეული მოლოდინი გააჩინა. ეს იმის მიუხედავად, რომ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე და ტიტულოვანი ნიდერლანდები და საქართველოს სხვადასხვა „წონითი კატეგორიებია“.

 

ექსპერიმენტურლი შემადგენლობა და სქემა

ვილი სანიოლმა რუმინეთის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც საგრძნობლად შეცვალა და სათამაშო სქემაც – ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა თავდასხმაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვალდ ბუდუ ზივზივაძე დააყენა, სამი ცენტრალური მცველით ითამაშა და 5-3-2 სქემა გამოიყენა.

ფრანკ დე ბურმა კი ბოლოდროინდელ სათამაშო სქემას არ გადაუხვია და ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებს 3-5-2-ით დაუპირისპირდა.

 

დეპაის გოლი და შანსი

ნიდერლანდებმა მატჩი მაღალი პრესინგით დაიწყო, მაგრამ პირველი რეალური საგოლე მომენტი მე-2 წუთზე საქართველოს ნაკრებმა შექმნა. გიორგი აბურჯანიამ მეკარესთან პირისპირ საბა ლობჟანიძე გაიყვანა, მაგრამ მას ტექნიკური დარტყმა არ გამოუვიდა და მეკარე მარტენ სტეკელენბურგმა ბურთი იოლად აიღო – ამით ანგარიშის გახსნის მშვენიერი შანსი დაიკარგა.

მაგრამ ნიდერლანდელების პრესინგმა და სისწრაფეებზე თამაშმა შედეგი მალე გამოიღო – პირველივე სწრაფი შეტევა პენალტითა და გოლით დაასრულა – ლაშა დვალმა საჯარიმოში მემფის დეპაი წააქცია, რომელმაც ჯარიმა თავად შეასრულა და ნიდერლანდები დააწინაურა 1:0.

საქართველოს ნაკრები მასპინძელთა შეტევებს ვერაფერს უხერხებდა და მე-15 წუთზე ჩვენს კართან კიდევ ერთი მომენტი შეიქმნა. ფლანგური გადაცემის შემდეგ ახლოდან კარში ისევ დეპაი ურტყამდა, გიორგი ლორიამ მეორე გოლისგან გადაგვარჩინა – მან მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და „ლიონის“ თავდამსხმელს არ გაატანინა.

 

კიტეიშვილის დრო

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ვითარება გამოასწორა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ამ ეპიზოდებში ჩვენს გუნდში გამორჩეული ოთარ კიტეიშვილი იყო – კლასითაც და სითამამითაც. მას მასპინძლები ბურთს ვერ ართმევდნენ და თამაშს კარგად ამწვავებდა.

კიტეიშვილმა 22-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ ისევ ლობჟანიძე დატოვა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დაუფიქსირა. მალე ჩვენებმა კიდევ ერთი მომენტი შექმნეს, რომელიც კიტეიშვილის დარტყმით დასრულდა – მაგრამ არაზუსტად.

31-ე წუთზე აბურჯანიას მშვენიერი გადაცემის შემდეგ მომენტი ისევ კიტეიშვილმა შექმნა – მან კარის წინ ვაკო გვილიას უპასა, რომელმაც ბურთი კარს ააცილა.

ნიდერლანდებმა ტაიმის ბოლოსკენ ისევ შემოგვიტია: ფრანკ დე იონგის დარტყმის შემდეგ გიორგი ლორიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, არადა, ჩვენს გუნდს ორი საგოლე მომენტი ჰქონდა და ვერ გამოიყენა.

 

სამბურთიანი სხვაობა

მეორე ტაიმში ვილი სანიოლმა საბა ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ზუკა დავითაშვილი შეუშვა, რომელმაც ფრანგი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა. მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და სხვაობაც მალე გაიზარდა – დეპაიმ კარის წინ ვაუტ ბერგჰორსტი დატოვა და „ვოლფსბურგის“ თავდამსხმელმა ნაკრებში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა 2:0.

საქართველოს ნაკრები პერიოდულად უტევდა… გვილიამ კარგად ვერც 61-ე წუთზე დაარტყა, როდესაც კარიდან რამდენიმე მეტრში იყო. 65-ე წუთზე კარისკენ ბურთი დავითაშვილმა გადაგზავნა, გვილია ბურთის მიმართულების შეცვლას ცდილობდა და ისევ კარს ააცილა.

ვილი სანიოლმა სქემა შეცვალა და გუნდი 4 მცველზე გადააწყო. მაგრამ ვითარება ვერც ამან შეცვალა – ნიდერლანდები იმდენად კარგად გამოიყურებოდა, ჩვენები ბურთის მოგერიებაზე გადავიდნენ – მასპინძელთა კლასი ყველა ეპიზოდში იგრძნობოდა. ქართველ მოთამაშეებს პრესინგზე თამაში უჭირდათ, ორთაბრძოლებში კი ნიდერლანდელები უკეთესი იყვნენ.

67-ე წუთზე კვლავ დეპაიმ შემოგვიტია და ლორიამ კიდევ ერთხელ გადაგვარჩინა. თუმცა ნიდერლანდების ნაკრებმა 76-ე წუთზე მესამე გოლი მაინც გაიტანა – დეპაის დარტყმას ლორია ისევ გადაეღობა, მაგრამ დამატებაზე რაიან გრავენბერხმა ახლოდან გაიტანა და ეს მისთვისაც სადებიუტო გოლი აღმოჩნდა – 3:0.

გამონათება იყო 85-ე წუთზე, როდესაც ჯაბა ჯიღაურის დარტყმის შემდეგ ნიდერლანდები ძელმა იხსნა. ორ წუთში მან ისევ სცადა კარის აღება და ამჯერად კარს ააცილა.

საბოლოოდ, ნიდერლანდებმა 3:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატს კარგ ხასიათზე ხვდება, ჩვენს გულშემატკივრებს კი საფიქრალი გაუჩნდა, რადგან საქართველოს ნაკრებმა სანიოლის პერიოდში ყველაზე მძიმე მატჩი ჩაატარა. რაც მთავარია – გიორგი ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩვენი ნაკრები ძალიან უფერულია.


ნიდერლანდები – საქართველო 3:0


გოლები: 1:0 დეპაი (10. პ), 2:0 ბერგჰორსტი (55. დეპაის პასით), 3:0 გრავენბერხი (76)

06.07.2021. ენსხედე. „ტვენტეს” სტადიონი.

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი – დამფრისი, ტიმბერი (77. ბერგჰეისი ), დე ვრიი, ბლინდი (46. აკე), ვეინდალი (73. ვან აანჰოლტი) – დე რონი, ვეინალდუმი (66. კლასენი), ფრანკ დე იონგი (66. გრავენბერხი) – დეპაი, ბერგჰორსტი (66,. მალენი)

მთავარი მწვრთნელი: ფრანკ დე ბური

საქართველო: ლორია – კაშია, ხოჭოლავა (66. ჯიღაური), დვალი – კაკაბაძე, აბურჯანია (78. დაუშვილი ), გვილია (78. კვეკვესკირი), გიორბელიძე – კიტეიშვილი (88. კუხიანიძე) – ზივზივაძე (66. მიქაუტაძე), ლობჟანიძე (46. დავითაშვილი)

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

მთავარი არბიტრი: ერიკ ლამბრეხტსი (ბელგია)

გაფრთხილებები: კაკაბაძე (45), კაშია (79)

ფოტოები: Gettiymages.com