საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა არც ისე მდიდარია, რაშიც დამნაშავე თავად გახლავთ…
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ვილი სანიოლი მიხვდა, რომ თამაშისადმი მისი ლტოლვა არ ჩამცხრალა – მან ძალიან ბევრი დაკარგა 2008 წლის ზაფხულში მიღებული ტრავმის გამო, მაგრამ არსად გამქრალა გერმანიის საუკეთესო მწვრთნელებთან მუშაობისას მიღებული გამოცდილება.
სანიოლი საკმაოდ სწრაფად გაერკვა სამწვრთნელო ხელოვნების ნიუნსებში: კარიერის დასრულებიდან უკვე ოთხი წლის შემდეგ, საფრანგეთმა შეიტყო ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა – ის სწორედ ვილი სანიოლი გახდა. ეს არნახული პროგრესი იყო.
მან გუნდში პიერ მანკოვსკი შეცვალა და ერთი წლის განმავლობაში ერთხელაც არ დამარცხებულა: შვიდი მოგება ცხრა მატჩში ბურთების ფანტასტიკური სხვაობით: 29-6. სანიოლის გუნდში თამაშობდნენ დღევანდელი ვარსკვლავები: ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუკა დინი (ევერტონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი)… შეტევაში კარგი შემსრულებლების მდიდარი არჩევანის წყალობით, სანიოლი დიდი სიამოვნებით ვარირებდა სათამაშო სქემებით – 4-4-2-დან 4-2-3-1-მდე. ასეთი წარმატებული მუშაობის შემდეგ, მწვრთნელს საფრანგეთის ყველა წამყვანმა კლუბმა მიაპყრო ყურადღება.
და ახალგაზრდა სპეციალისტმა 2014 წლის ზაფხულში სიამოვნებით მიიღო წინადადება ლიგა 1-ის კლუბისგან. „ბორდოში“ სჯეროდათ პერსპექტიული მწვრთნელის და მისცეს შესაძლებლობა და, რაც მთავარია, რესურსი მომავალი განვითარებისთვის.
„ბორდოში” სანიოლმა ოტმარ ჰიტცფელდის ფილოსოფია მიიტანა, რომელსაც „ბაიერნში“ თამაშისას ეზიარა და რომლის შესახებაც კლუბში პირველივე დღეებიდან მოყოლებული ყვებოდა:
„მინდა ვნახო გუნდი, რომელიც შემტევ სტილში თამაშობს. „ბაიერნში“ გავიგე, რომ დიდი შედეგების მისაღწევად, მინდორზე საკუთარი თავისგან სიამოვნება უნდა მიიღოთ. ამისთვის საჭიროა ბურთის დიდი ხანი ფლობა და ლაღად თამაში. ჩემთვის ფეხბურთი – ეს პირველ რიგში, გართობაა. რა თქმა უნდა, ჩემი ფეხბურთელები კარგად უნდა ასრულებდნენ საკუთარ სამუშაოს, მაგრამ ამას მაყურებლისთვის მნიშვნელობა არ ექნება, თუ ისინი ამისგან სიამოვნებას არ მიიღებენ“.
სადებიუტო სეზონის ერთ-ერთ პირველ ტურში „ბორდომ“ ურუგვაელი როლანის წყალობით ძველი ნაცნობი „მონაკო“ გაანადგურა – 4:1. თუმცა, ამის შემდეგ შეტევაში მოკრძალებული იყო და დიდი ანგარიშით აღარ მოუგია. მიუხედავად ამისა, სანიოლმა წინა სეზონთან შედარებით, გუნდი ერთი საფეხურით მაღლა აიყვანა და გათამაშების ცხრილში მეექვსე ადგილი დაიკავა. ეს მცირე, მაგრამ მაინც პროგრესი იყო დამწყები მწვრთნელისთვის.
მასში ბევრი ხედავდა ფრანგი მწვრთნელების ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სპეციალისტს. საზოგადოება, საბოლოოდ, იმ აზრამდე მივიდა, რომ სანიოლისგან შეიძლებოდა კარგი მწვრთნელი ჩამოყალიბებულიყო. მაგრამ, მან თავად დაღუპა თავისი იმედისმომცემი კარიერა. რაც ყველაზე საინტერესოა, არა შედეგებით, არამედ, გამონათქვამებით.
„სანამ მე „ბორდოს“ მწვრთნელი ვარ, ცოტა აფრიკელ ფეხბურთელს შევიძენთ. არ მინდა ორ წელიწადში ერთხელ დავკარგო ნახევარი გუნდი იმის გამო, რომ მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ აფრიკის თასის გათამაშებაში. აფრიკელი ფეხბურთელების ძირითადი უპირატესობებია: ისინი ითხოვენ ნაკლებ ხელფასს, იაფები არიან, მებრძოლი ხასიათი აქვთ, ფიზიკური ძალა გააჩნიათ. მაგრამ ფეხბურთში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ტექნიკა, ჭკუა და დისციპლინა. აქ ყველაფერი ერთმანეთშია არის გადაჯაჭვული“, – თქვა მწვრთნელმა 2014-15 წლების სეზონის დასაწყისში, რომელიც მეორე იყო მისთვის „ბორდოში”.
საზოგადოებამ არ მიიღო ასეთი თამამი სიტყვები. ტელევიზიით დაიწყო აქტიური პროტესტი, ზოგიერთები კი გამოვიდნენ წინადადებით – შეურაცხყოფილ აფრიკელ ფეხბურთელებს ჩემპიონატის მთელი ტურისთვის გამოცხადებინათ ბოიკოტი. მათ შორის იყო „მარსელის” ყოფილი პრეზიდენტი პაპ დიუფი.
რა თქმა უნდა, ვილი სანიოლმა მაშინვე სცადა სიტუაციის გამოსწორება და ახსნა-განმარტება:
„ვწუხვარ, თუ ჩემი სიტყვებით ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე. ბოდიშს ვიხდი. მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე ვლაპარაკობდი. ჩემი სიტყვები ინტელექტის შესახებ, რა თქმა უნდა, ტაქტიკურ განსწავლულობას შეეხებოდა. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი ლაპარაკს ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებზე“.
მაგრამ უკვე გვიან იყო: გუნდის შიგნით და მის გარშემო ატმოსფერო გაფუჭებული იყო. საბოლოოდ, „ბორდო“ მე-14 ადგილამდე დაეშვა, მწვრთნელი კი დიდი სიხარულით დაითხოვეს პოსტიდან. ამის შემდეგ, ვილი სანიოლს არსად ეძახდნენ სამუშაოდ.
დანაშაულის გამოსყიდვის შანსი მისცეს იმ ადგილას, სადაც სანიოლი უყვარდათ – მშობლიურ „ბაიერნში“. კარლო ანჩელოტიმ სეზონის დასაწყისში ყოფილ ფეხბურთელს ასისტენტად დაუძახა. სანიოლი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, მაგრამ ანჩელოტის კარიერა „ბაიერნში“ არ აეწყო – ვილის დანიშვნიდან ორ თვეში იტალიელი დაითხოვეს და ფრანგმა მხოლოდ ერთი მატჩით ჩაიბარა „ბაიერნი“. მეტი დროის მიცემას მისთვის არ აპირებდნენ და იუპ ჰაინკესს დაურეკეს. მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ცხრა დღე მუშაობის შემდეგ, ვილი სანიოლმა დატოვა „ბაიერნი“ და მას შემდეგ მწვრთნელად აღარ უმუშავია.