ვილი სანიოლი - საქართველოს ნაკრებში მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევაა [ვიდეო]
ვილი სანიოლი - საქართველოს ნაკრებში მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევაა [ვიდეო]

ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ვილი სანიოლის მიმართვა ქართველი გულშემატკივრისადმი, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საკუთარ მიზნებზე ლაპარაკობს.

შეგახსენებთ, რომ 43 წლის ფრანგი სპეციალისტის კანდიდატურა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დღეს ფეხბურთის ფედერაციის აღასკომის სხდომაზე დაამტკიცეს.

„მოგესალმებით, მე ვარ ვილი სანიოლი. მე წილად მხვდა პატივი, რომ შემდგომი კვირიდან თქვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. სფფ-სთან მოლაპარაკებებმა და თქვენი ნაკრების მოთამაშეთა პოტენციალმა მე დამარწმუნა, რომ საქართველოს ნაკრებში მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევაა. დიდი შრომით, დისციპლინით და მონდომებით, ჩვენ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს ერთად დავწერთ“, – ამბობს ვილი სანიოლი.

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი, ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცეჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

ვილი სანიოლმა მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობაში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა 2014-16 წლებში დაიწყო და ფრანგულ „ბორდოს“ ხელმძღვანელობდა.