ვილ ჯორდანი კვლავ საუკეთესოა, ბარეტმა 58 მეტრიდან გაიტანა | „სუპერ რაგბი აოტეაროა“-ს მეოთხე ტურის მიმოხილვა [ვიდეო]
14:45, 06.07.2020
ახალ ზელანდიური „სუპერ რაგბი აოტეაროა“-ს მეოთხე ტურში „ბლუზმა“ დაისვენა, რომელსაც აქამდე სამივე მატჩი მოგებული ჰქონდა და ოქლენდელების გადასწრების შანსი ასევე დაუმარცხებელ „ქრუსეიდერსს“ მიეცა. ქრაისთჩერჩელები სამხრეთულ დერბიში „ჰაილენდერსს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 40:20 დაამარცხეს.
ტურის ორი საუკეთესო ლელო ამ შეხვედრიდანაა. „ჰაილენდერსის“ დერეფანს მცირე გაუგებრობა მოჰყვა, რომელშიც ყველაზე კარგად აარონ სმიტი გაერკვა, ბურთს დაეუფლა და დაცვის ხაზი გაჭრა. ამ ეპიზოდის შემდეგ წარმოქმნილ რაქთანაც პირველი, რა თქმა უნდა, მთიელების ცხრა ნომერი იყო. მისი დროული გადაცემა კარგად ჩათამაშებული შეტევით და კიდესთან ახლოს ნგანი პუნივაის მიერ დადებული ლელოთი დასრულდა.
არანაკლებ სანახაობრივი იყო ჯვაროსნების ლელო. „ჰაილენდერსის“ შეტევას „ქრუსეიდერსის“ კონტრ-იერიში მოჰყვა. ბურთი ვილ ჯორდანს მიუვიდა, რომელმაც გადაიკიდა, თავადვე დაეუფლა და გუნდს ხუთი ქულა მოუტანა. ბოდენ ბარეტს, რომელიც მომავალ სეზონში იაპონიაში ითამაშებს, ჯორდანის და კიდევ რამდენიმე მორაგბის სახით სერიოზული კონკურენცია ელოდება.
ბოდენის ერთ-ერთი კონკურენტი მისივე ძმა – ჯორდი ბარეტი იქნება, რომელმაც „ჰარიქეინსის“ და „ჩიფსის“ დაპირისპირებაში შთამბეჭდავი ჯარიმა გაიტანა. ნიშნული მისივე ნახევრის 10 მეტრიან ხაზთან იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთს ძელებამდე დაახლოებით 58 მეტრი უნდა ეფრინა. ჯორდიმ იდეალური დარტყმა შეასრულა და საკუთარ გუნდს პირველი ტაიმის მიწურულს სამი ქულა მოუტანა.
საბოლოოდ, „ჰარიქეინსმა“ განახლებული სეზონში პირველი მატჩი ანგარიშით 25:18 მოიგო და ოთხი ქულით მეოთხე ადგილზეა. „ჩიფსს“ კი ოთხივე მატჩი წაგებული აქვს და ვაიკატოელების ანგარიშზე მხოლოდ სამი ბონუს ქულაა, რომლებიც შვიდი ან ნაკლები ქულით წაგებისთვის ერგოთ.
გათამაშების მომდევნო ტურში სწორედ „ჩიფსი“ დაისვენებს. ცხადია, რომ განსაკუთრებულ ინტერესს ლიდერების – „ქრუსეიდერსის“ და „ბლუზის“ დაპირისპირება იწვევს, რომელიც 11 ივლისს, თბილისის დროით 11:05 საათზე დაიწყება. კვირას, ველინგტონში, ადგილობრივი „ჰარიქეინსი“ „ჰაილენდერსს“ დაუპირისპირდება.