„ვიკინგების უკანასკნელი ლაშქრობა“ - პირველი არხის დოკუმენტური ფილმის პრემიერა

პირველი არხის დოკუმენტური ფილმის „ვიკინგების უკანასკნელი ლაშქრობა” პრემიერა ხვალ „კავეა გალერიაში“  გაიმართება.

ფილმის პრემიერას ცნობილი შვედი მეცნიერი მატს გ. ლარსონი, უფსალის უნივერსიტეტის მუზეუმის მკვლევარი, გუნილა ლარსონი და ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან ბატიუკი, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

არსებობს XI საუკუნის ისლანდიური საგა, სადაც აღწერილია შვედი ვიკინგის, ინგვარის მოგზაურობა და მისი გარდაცვალებას არკლანდის (კასპიისპირეთის) მხარეში. 2004 წელს რიონისა და მტკვრის ხეობაში ჩატარებულმა ექსპედიციამ, რომელსაც მატს გ. ლარსონი ხელმძღვანელობდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ვიკინგები საქართველოში ნამდვილად იმყოფებოდნენ.

ამ მასალებზე დაყრდნობით პირველმა არხმა, TBC-ის საქველმოქმედო ფონდის და შვედეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გადაიღო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. გადაღებები როგორც საქართველოში, ასევე შვედეთში მიმდინარეობდა.

ფილმზე მუშაობდნენ რეჟისორი შალვა შენგელი, იდეის ავტორია კონსტანტინე ქავთარაძე, სცენარის ავტორები – ბიძინა მაყაშვილი, კოტე ჯანდიერი, პროდიუსერები – ბექა ბარამიძე, ლექსო ქურხული, მხატვარი – თეონა ბექაური, ოპერატორები – კახა ბუხრაშვილი, გიორგი ვაწაძე, გიორგი სიგუა და ლევან ლეკიაშვილი.

ფილმის პრემიერა 14 აპრილს გაიმართება, ხოლო საეთერო პრემიერა პირველი არხის ეთერში მაისში შედგება.