ვიკა ფილფანი – ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი, რომლის პირობებშიც ქვეყანამ შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, თემურ ლენგის საფლავზეც ხართ ნამყოფი, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან არა

16:02, 26.06.2026

ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ პასუხისმგებელი პირი, მაგრამ არ ხართ დასანქცირებული, იქნებ გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს, რატომ არიან ისინი დასანქცირებული და თქვენ არა, – ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ვიკა ფილფანმა ირაკლი კობახიძეს.

როგორც ფილფანმა კობახიძეს მიმართა, მისი პრემიერობისას საქართველომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა.

„ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ პარლამენტის ის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა, უმასპინძლა და სავარძელში ჩასვა. პრემიერ-მინისტრი, რომლის პირობებშიც ქვეყანამ შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, რომლის დროსაც ამოქმედდა „მოსკოვის მექანიზმი“, დასანქცირდნენ მოსამართლეები, უმაღლესი თანამდებობის პირები. თქვენ ხართ პრემიერი, რომელიც აღმოსავლეთში ხშირად ხართ, თემურ ლენგის საფლავზეც ხართ ნამყოფი, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან არა! ასევე, თქვენ ხართ პრემიერი, რომლის პირობებშიც თავად ბიძინა ივანიშვილიც დასანქცირდა. თუმცა, ჩნდება ლოგიკური კითხვა, თქვენ ხართ ამ ყველაფრის შემოქმედი და პასუხისმგებელი და თქვენ არ ხართ დასანქცირებული. ამას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზეზი – ერთი, რომ არ აღგიქვამენ სერიოზულად და მეორე, შეიძლება რაღაც განსაკუთრებული ნიჭის გამო, ურთიერთობები გაქვთ გარე ძალებთან. იქნებ გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს, რატომ არიან თვითონ დასანქცირებულები და თქვენ – პასუხისმგებელი პირი, არ ხართ დასანქცირებული?

დეპუტატმა ასევე ნარკოპოლიტიკაზეც ისაუბრა და ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ნარკოტიკის მოხმარებისას ზედოზირებით.

„რაც შეეხება ანგარიშს, ნარკოპოლიტიკის წარმატების მთავარ მტკიცებულებად გაქვთ პასუხისგებაში მიცემულთა რაოდენობა, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ეს არ გვიჩვენებს, შემცირდა თუ არა ქვეყანაში ნარკოტიკის მოხმარება, შეწყდა თუ არა ნარკოქსელების ფუნქციონირება, გადარჩნენ თუ არა ადამიანები ნარკოტიკით გარდაცვალებას, აქ კონკრეტული რიცხვი რომ ყოფილიყო, რამდენი ადამიანი განიკურნა ნარკომანიისგან, ეს მისაღები იქნებოდა. გასულ წელს რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ნარკოტიკის ზედოზირებით?“- აღნიშნა ფილფანმა.

მსგავსი