ვიკა ბუკია - მედიამ უნდა შეწყვიტოს ყველა იმ კითხვის დასმა, რომლის მიზანია, გამოარკვიოს, რატომ მოკლა ქმარმა ცოლი
ვიკა ბუკია - მედიამ უნდა შეწყვიტოს ყველა იმ კითხვის დასმა, რომლის მიზანია, გამოარკვიოს, რატომ მოკლა ქმარმა ცოლი

ფემიციდს წინ უსწრებს ძალადობის მთელი კასკადი – ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობა და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, ვიკა ბუკიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ ქალების „დანაშაული“ უბრალოდ ის არის, რომ მათ თავისუფლება უნდათ. ეს კაცები კიდევ, ვერ ეგუებიან ამ ქალების თავისუფლებას და მათზე კონტროლის დამყარება უნდათ“, – განაცხადა ბუკიამ.

მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის თემის გაშუქებისას მედია ძალიან ხშირად სცოდავს.

„განსაკუთრებით, ხაშურში მკვლელობას გავიხსენებ. სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ მედიის წარმომადგენელთა ნაწილმა თითქოს, მხარი დაუჭირა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ამბობს – საწყალი კაცი ამ მდგომარეობამდე ქალმა მიიყვანა და ეჭვიანობის ნიადაგზე, ის იძულებული გახდა, ქალი მოეკლა. მედიამ ამ სტერეოტიპს ხელი კი არ უნდა შეუწყოს, არამედ პირიქით, უნდა ებრძოლოს“, – განაცხადა ბუკიამ.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ასევე განაცხადა, რომ მედიამ უნდა შეწყვიტოს იმის ძიება, რა დააშავა ქალმა.

„მედიამ უნდა შეწყვიტოს ყველა იმ კითხვის დასმა, რომლის მიზანია, გამოარკვიოს, თუ რატომ მოკლა ქმარმა ცოლი. ეს უბრალოდ, არაეთიკური და ძალიან მიუღებელია. ეს ძალიან სისტემურია და ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – ქალთა ქცევის კონტროლი. ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მასკულინური საზოგადოებაა“, – განაცხადა ბუკიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასაცავად საკმარისი კანონის გამკაცრება, ვიკა ბუკიამ განაცხადა, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს და შეიძლება, ეს ერთ-ერთი ნაბიჯი იყოს, მაგრამ თუ პრობლემას სისტემურ კონტექსტში არ განვიხილავთ და მსხვერპლთა დაცვის სხვადასხვა მექანიზმები არ იქნება შემუშავებული, ასეთ შემთხვევაში, კანონის გამკაცრებას აზრი არ ექნება.