ვიეტნამში უიშვიათესი „თაგვირემი“ დააფიქსირეს — პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში
ვიეტნამში უიშვიათესი „თაგვირემი“ დააფიქსირეს — პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში

პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩრდილო-დასავლეთ ვიეტნამის ჯუნგლებში უიშვიათესი სახეობის, ირმის მსგავსი პატარა ცხოველი შენიშნეს, რომელიც გადაშენების პირას არის მისული.

ვერცხლისფერზურგა ირმულა, იგივე ვიეტნამური თაგვირემი ბოლოს 1990 წელს არის დაფიქსირებული.

ეს სახეობა, Tragulus versicolor-ი, პირველად 1910 წელს აღწერეს ვიეტნამის ქალაქ ნიაჩანგის სიახლოვეს გამოჩენილი რამდენიმე ეგზემპლარის საფუძველზე.

1990 წლის შემდეგ ეს ცხოველი აღარავის უნახავს და ექსპერტების აზრით, ნადირობის გამო ის გადაშენების პირას არის მისული.

თუმცა, ვიეტნამელი ბიოლოგი, ველური ბუნების გლობალური კონსერვაციის ფონდის წარმომადგენელი ან ნუიენი ვერცხლისფერზურგა ირმულას წლების განმავლობაში ეძებდა და სჯეროდა, რომ სადმე წააწყდებოდა.

ორ კოლეგასთან და სოფლის ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ის იმ ადგილებისკენ გაეშურა, სადაც ხალხი ამ ცხოველის ნახვის შესახებ იუწყებოდა.

ტყეში მათ 30 ფოტოხაფანგი დაამონტაჟეს.

„შედეგი უბრალოდ გასაოცარი აღმოჩნდა. თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც კამერები გავხსენით და დავინახე ირმულები ვერცხლისფერი ზურგით“, — ამბობს ნუიენი.

მკვლევართა თქმით, ის ფაქტი, რომ მათ ირმულები ასე ადვილად დააფიქსირეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მომრავლდნენ და საფრთხის ქვეშ აღარ არიან,

მოსახლეობის ზრდის გამო, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტყეების მდგომარეობა სავალალოა, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის იქ გავრცელებულ ცხოველებსაც.

2019 წლის მაისში, გაერო-ს ბიომრავალფეროვნების მთავრობათშორისი პლატფორმის ექსპერტებმა გამოსცეს გარდამტეხი მოხსენება, რომელშიც იუწყებიან, რომ ადამიანთა საქმიანობის გამო, პლანეტაზე დაახლოებით მილიონ სახეობას გადაშენების საფრთხე ემუქრება.

კვლევა ჟურნალ Nature Ecology and Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.