ვიდეორეფერის სემინარი „პეტრო არენაზე“ - ქართველი მსაჯების მზადებას პოლონელი ინსტრუქტორი აფასებს #1TVSPORT
ვიდეორეფერის (VAR-ის) სისტემის საქართველოში დასანერგად მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ვიდეორეფერის სემინარი იმართება.
მზადების ფარგლებში საფეხბურთო მოედანზე პრაქტიკული სამუშაო სრულდება. სემინარზე მოწვეული ბავშვთა გუნდების ფეხბურთელები მონაწილეობენ, მსაჯებს კი საკამათო სათამაშო ეპიზოდების გარჩევა და ვიდეორეფერის ჩართულობით გადაწყვეტილების მიღება ევალებათ.
სემინარს ფიფა-ს წარმომადგენელი ესწრება – მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაციის მსაჯთა პოლონელი ინსტრუქტორი. სემინარის ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველ მსაჯებს ფიფა-სგან ვიდეო ასისტენტის ლიცენზია მიენიჭებათ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეო ასისტენტის დანერგვაზე 2020 წლიდან მუშაობს.
ვიდეორეფერის სამუშაო ჯგუფს ფიფა-ს ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან, ეროვნული ლიგის მესამე წრიდან იგეგმება.