ვიდეოკონფერენციის ფორმატში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართება
ვიდეოკონფერენციის ფორმატში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართება

ვიდეოკონფერენციის ფორმატში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი უხელმძღვანელებენ.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიურო განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დინამიკას, ასევე საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით. ვიდეოკონფერენციის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას.

„ბუნებრივია, ჩვენ შევეხებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მიმოვიხილავთ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, ასევე გვექნება მნიშვნელოვანი დისკუსია საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, ვისაუბრებთ იმ ჰიბრიდულ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, ვისაუბრებთ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე. გვექნება ასევე შესაძლებლობა, ვისაუბროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე, იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია გასული წლის განმავლობაში”, -განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.