ვიდეოკადრები - თუშეთისკენ მიმავალ გზაზე წარმოქმნილ ტბაში წყლის დონემ მოიმატა

თუშეთში ამინდის გაუარესების გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

ბოლო ინფორმაციით, წვიმის შედეგად დაგუბებულ ტბაში წყლის დონემ მოიმატა და გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ დაფარა.

გზაზე გადადგილებას ვერ ახერხებენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ახმეტის მერის სოსო ქარუმაშვილის განცხადებით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

„შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. წვიმს და სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ამინდი გაუმჯობესდება. წვიმის შედეგად ტბაზე წლის დონემ მოიმატა, რის გამოც, გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა. მოსახლეობას თხოვნით მივმართავ, თავი შეიკავონ თუშეთში გადაადგილებისგან, ვიდრე არ გამოიდარებს“, – განაცხადა ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ უამინდობის გამო, თუშეთის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება გუშინ საღამოდან დილამდე შეიზღუდა, თუმცა გადაუღებელი წვიმების და საფრთხეების გამო, გზაზე შეზღუდვა ამ დრომდე ძალაში რჩება.