ვიდეოკადრები - სააკაშვილის მხარდამჭერების შენობაში შეჭრისას პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კიევში ოქტომბრის სასახლეში შეჭრა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, – ამის შესახებ პირველი არხი ჟურნალისტი კიევიდან იუწყება.

გაზის გაშვების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა ოქტომბრის სასახლეში შეჭრა მოახერხა.

ოქტომბრის სასახლეში, სადაც ოდესის ოლქის გუბერნატორის მხარდამჭერების ნაწილი შეიჭრა, კონცერტი უნდა გამართულიყო. უკრაინული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს, შენობაში ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

„დაველოდოთ წარმოდგენის დასრულებას. იქ იქნებიან ბავშვები. დაველოდოთ, სანამ გამოუშვებენ“, – აცხადებს სააკაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერი.

ამ წუთებში, მიხეილ სააკაშვილმა მომხრეების ნაწილთან ერთად, მაიდანზე გადაინაცვლა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი კიევიდან იუწყება, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერების მეორე ნაწილი ისევ ოქტომბრის სასახლესთან რჩება.

თავდაპირველად, სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, საპროტესტო მსვლელობა შევჩენკოს პარკიდან მაიდნის მიმართულებით გამართა. მაიდანზე კი სიტყვით გამოსვლის დროს, აქციის მონაწილეებს ოქტომბრის სასახლესთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა, სადაც სააკაშვილის თქმით, მათი სათაო ოფისი უნდა ყოფილიყო.