ვიცხოვრე და მოვკვდი ამაყ ამერიკელად - ჯონ მაკკეინის გამოსამშვიდობებელი წერილი გამოქვეყნდა
ვიცხოვრე და მოვკვდი ამაყ ამერიკელად - ჯონ მაკკეინის გამოსამშვიდობებელი წერილი გამოქვეყნდა

ჯონ მაკკეინის თანაშემწემ ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორის გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც CNN ავრცელებს. „ეს არის ჯონის სიტყვები“, – ასე წარადგინა მაკკეინის ოჯახის წარმომადგენელმა რიკ დევისმა სენატორის გამოსამშვიდობებელი წერილი.

„ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, რომლებსაც მე მადლიერებით ვემსახურე სამოცი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ჩემო თანამემამულე არიზონელებო – მადლობა, რომ მომანიჭეთ პრივილეგია, გემსახუროთ და იმ სასარგებლო ცხოვრებისთვის, რომელიც სამხედრო ფორმაში სამსახურმა და სახელმწიფო სამსახურმა მომცა. ვეცადე, მემსახურა ქვეყნისთვის ღირსებით. მე დავუშვი შეცდომები, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ჩემი სიყვარული ამერიკისადმი გადაწონის ამას.

ხშირად ვაცნობიერებდი, რომ დედამიწაზე ყველაზე იღბლიანი პიროვნება ვარ. ამას ვგრძნობ ახლაც, როდესაც სიცოცხლის დასრულებისთვის ვემზადები. მე მიყვარდა ჩემი ცხოვრება, მთლიანად. მე გავიარე გამოცდილებები, თავგადასავლები და მეგობრობა, რომელიც საკმარისია ათი ცხოვრებისთვის და ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ. როგორც ადამიანების უმრავლესობას, მე სინანულს ვგრძნობ. თუმცა მე არ გავცვლიდი ჩემი ცხოვრების არც ერთ დღეს, იქნება ეს კარგი თუ ცუდი პერიოდი, სხვა ადამიანის საუკეთესო დღეზე.

ამ კმაყოფილებას ჩემი ოჯახის სიყვარულს უნდა ვუმადლოდე. არც ერთ მამაკაცს ჰყოლია უფრო მოსიყვარულე ცოლი და არავინ ყოფილა უფრო ამაყი თავისი შვილებით, ვიდრე მე ვარ ჩემებით. ამის გამო, ამერიკის წინაშე ვალში ვარ. კავშირს ამერიკის საფუძვლებთან – თავისუფლებასთან, თანასწორ უფლებებთან, ყველა ადამიანის ღირსების პატივისცემასთან – მოაქვს გაცილებით დიდი ბედნიერება, ვიდრე ცხოვრების სწრაფად წარმავალ სიამოვნებებს. ჩვენი იდენტობა და ღირსების გრძნობა არა შეზღუდული, არამედ გაფართოებულია კარგი მიზნებისთვის მსახურებით.

თანამემამულე ამერიკელები – ეს კავშირი ნიშნავდა ჩემთვის გაცილებით ბევრს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. ვიცხოვრე და მოვკვდი ამაყ ამერიკელად. ჩვენ მსოფლიოს უდიდესი რესპუბლიკის მოქალაქეები ვართ, იდეალების და არა სისხლისა და მიწის ერი ვართ. ჩვენ დალოცვილი ვართ და მოგვაქვს სიკეთე კაცობრიობისთვის, როდესაც სახლში და მსოფლიოში ამ იდეალებს მხარს ვუჭერთ და ვაძლიერებთ. ჩვენ ტირანიისგან და სიღარიბისგან გათავისუფლებაში ყველაზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. ამ პროცესში ჩვენ მოვიპოვეთ კეთილდღეობა და სიძლიერე.

ჩვენ ვასუსტებთ ჩვენს სიდიადეს, როდესაც პატრიოტიზმს ტომთა დაპირისპირებაში ვურევთ, რამაც დედამიწის ყველა კუთხეში ბრაზი, სიძულვილი და ძალადობა დათესა. ჩვენ ვასუსტებთ მას, როდესაც ვიმალებით კედლებს მიღმა, მათი დანგრევის ნაცვლად, როდესაც ეჭვი შეგვაქვს ჩვენი იდეალების ძალაში, იმის ნაცვლად, რომ ვენდოთ მათ როგორც ცვლილებების უდიდეს ძალას.

ჩვენ 325 მილიონი ჯიუტი და მრავალხმიანი ინდივიდი ვართ. ვკამათობთ და ვმეტოქეობთ, ზოგჯერ კი შეურაცხვყოფთ ერთმანეთს ჩვენს ხმაურიან საჯარო დებატებში. თუმც ერთმანეთთან ბევრად მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე უთანხმოება. მხოლოდ მაშინ, თუკი ეს გვახსოვს და გამოვდივართ იქიდან, რომ გვიყვარს ეს ქვეყანა, გადავლახავთ ამ გამოწვევებით სავსე პერიოდს. გადავიტანთ ამას და გავხდებით უფრო ძლიერები, როგორც ეს ადრე იყო.

ათი წლის წინ, მე მქონდა პრივილეგია საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება მეღიარებინა. მე მინდა დავამთავროო ჩემი გამოსამშვიდობებელი წერილი ამერიკელებისადმი იმ გულწრფელი რწმენით, რომელიც ასე ძლიერად ვიგრძენი იმ საღამოს.

ჩემში დღემდე ძლიერია ეს გრძნობა. ნუ იქნებით სასოწარკვეთილნი ჩვენი ამჟამინდელი სირთულეების გამო, არამედ ყოველთვის გჯეროდეთ ამერიკის შესაძლებლობებისა და დიდების, რადგან არაფერია მარადიული. ამერიკელები არასდროს ნებდებიან. ჩვენ არასდროს ვნებდებით. ჩვენ არასდროს ვემალებით ისტორიას. ჩვენ ვქმნით ისტორიას.

მშვიდობით, თანამემამულე ამერიკელებო. ღმერთი გფარავდეთ და ღმერთი ფარავდეს ამერიკას“, – აღნიშნულია ჯონ მაკკეინის მიმართვაში.

ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში, 25 აგვისტოს გარდაიცვალა.

ჯონ მაკკეინის მაგიდა სენატში მისი გარდაცვალებიდან პირველ სამუშაო დღეს