ვეტერან პოლიციელებს, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები დაიცვეს, მადლობის სიგელები და დამოუკიდებლობის მედალიონები გადაეცათ
ვეტერან პოლიციელებს, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები დაიცვეს, მადლობის სიგელები და დამოუკიდებლობის მედალიონები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ პოლიციელებს, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები დაიცვეს და მათი სიცოცხლე გადაარჩინეს, თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა.

,,დღეს, მართლაც უდიდესი პატივი მხვდა წილად, ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, ვინც გმირობით დაამტკიცა, თავის თავგანწირვა ჩვენი მოქალაქეების და სამშობლოსთვის. სწორედ ეს არის მთავარი ღირებულება, რაზეც დაფუძნებულია ქართული პოლიცია“, – განაცხადა საბანაძემ.

მისი თქმით, ყველა, ვინც დღეს ამ პროფესიას ემსახურება, ვალდებულია, ახსოვდეს ამ ადამიანების თავდადება, როგორც ქართველი ხალხის სამსახურში დგომის უდიდესი მაგალითი.

„9 აპრილს, ქართული პოლიცია – თითოეული თქვენგანის შემადგენლობით, არათუ არ დაემორჩილა რუს გენერალს და სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობა არ მიიღო, არამედ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები და უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს და დასახიჩრებას. ყველას გვახსოვს, რომ თქვენ, გმირულად, სრულიად უიარაღოდ, რუსეთის ტანკების წინ, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად გადაეფარეთ ჩვენ მოქალაქეებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს. რომ არა თქვენ, ნამდვილად კიდევ უამრავ უდანაშაულო სიცოცხლეს შეიწირავდა რუსული არმია“, –

ვეტერან პოლიციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით მადლობის სიგელები და საქართველოს დამოუკიდებლობის მედალიონები გადაეცათ.