ვეტერანი ჩეხი ფეხბურთელი თაღლითობისთვის გაასამართლეს
ვეტერანი ჩეხი ფეხბურთელი თაღლითობისთვის გაასამართლეს

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ტომაშ რჟეპკას ორი კვირის განმავლობაში ორჯერ მიუსაჯეს პატიმრობა.

7 თებერვალს, ვეტერანი სპორტსმენი თაღლითობაში ამხილეს და 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, 19 თებერვალს კი პრაღის სასამართლომ მას მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო მისჯილი ორი პირობითი სასჯელი შეუცვალა პატიმრობით, რაც დამატებითი ცხრა თვის ციხეში გატარებას გულისხმობს.

მიმდინარე თვის დასაწყისში, 45 წლის რჟეპკა დამნაშავედ ცნეს ძვირადღირებული ავტომობილის უკანონოდ გაყიდვაში. როგორც ირკვევა, მანქანა, რომელიც ყოფილმა ფეხბურთელმა დაზარალებულს მიჰყიდა, მას მხოლოდ ნაქირავები ჰქონდა.

ვესტ-ჰემისა და ფიორენტინას ყოფილმა ფეხბურთელმა ორივე ვერდიქტი გაასაჩივრა.

გასულ წელს, რჟეპკამ ყოფილი ცოლის სახელით სექსუალური მომსახურების რეკლამირება მოახდინა, რისთვისაც ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მოგვიანებით კი ეს სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებით შეუცვალეს.