ვეს მიტჩელი - ნატო-ს მინისტერიალიდან ჩამოვედი, რათა საქართველოსა და მისი ეკონომიკის განვითარებისადმი მკაფიო მხარდაჭერა გამოვხატოთ
ვეს მიტჩელი - ნატო-ს მინისტერიალიდან ჩამოვედი, რათა საქართველოსა და მისი ეკონომიკის განვითარებისადმი მკაფიო მხარდაჭერა გამოვხატოთ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელის განცხადებით, აშშ და ნატო-ს მეკავშირეები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ.

როგორც მიტჩელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათშორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე.

„მე ასევე აღვნიშნე საქართველოს და ქართველების ის უდიდესი წვლილი, რომელიც მათ საერთაშორისო მისიებში, ერაყსა თუ ავღანეთში შეაქვთ. ამ წვლილისთვის მე ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა ქართველ ხალხს გადავუხადე. ნატო-ს სამიტი ახლოვდება. ამაზე სხვადასხვა მსჯელობა მიდის. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ნატო-ს მინისტერიალზე ვიყავი, იქ ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველომ რეფორმების გზაზე ნამდვილად დიდ წარმატებას მიაღწია. მართლაც შესანიშნავია ის წარმატება რასაც მიაღწიეთ.

ამერიკის შეერთებული შტატები და მეკავშირეები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ. დღეს ასევე შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ- მინისტრთან მექნება და ამ შეხვედრებს მოუთმენლად ველოდები”,- განაცხადა მიტჩელმა.

ამასთან, მისივე თქმით, ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ თბილისში იმისთვის ჩამოვიდა, რომ საქართველოს და მისი ეკონომიკის განვითარების მიმართ აშშ-ის მკაფიო მხარდაჭერა გამოხატოს.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ნატო-ს მინისტერიალიდან ჩამოვედი, რათა მკაფიოდ გამომეხატა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს და მისი ეკონომიკის განვითარებისადმი. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღინიშნება და ასევე კონფლიქტის შემდგომ 10 წლისთავია.

ასე, რომ ეს კარგი დროა, რომ დავფიქრდეთ ამაზე და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ საქართველოს მიმართ ჩვენი და ზოგადად ამერიკის მხარდაჭერა“,- განაცხადა ვეს მიტჩელმა.