ვეს მიტჩელი - ჩვენ ვამაყობთ სტრატეგიული პარტნიორობითა და მეგობრობით, რომელიც საქართველოსთან გვაქვს
ვეს მიტჩელი - ჩვენ ვამაყობთ სტრატეგიული პარტნიორობითა და მეგობრობით, რომელიც საქართველოსთან გვაქვს

ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გზას და მისწრაფებას ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ ამაყობს სტრატეგიული პარტნიორობით და მეგობრობით, რომელიც საქართველოსთან აქვს.

„საქართველოში ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბრიუსელში ვიმყოფებოდი ნატო-ს საგარეო მინისტერიალზე პომპეოსთან ერთად. ამ შეხვედრების დროს მან ხაზი გაუსვა იმ საკითხებს, რასაც დღეს მე ხაზს გავუსმევ. ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გზას და მისწრაფებას ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ.

ჩვენ თქვენს გვერდით ვდგევართ. ვამაყობთ სტრატეგიული პარტნიორობითა და მეგობრობით, რომელიც საქართველოსთან გვაქვს.

ნატოს კარი ყველა ევროპული დემოკრატიისთვის ღიაა, რომელიც ალიანსის ღირებულებებს მხარს უჭერს და რომელსაც ჩვენი უსაფრთხოების ერთიან გეგმაში წვლილი შეაქვს“,- განაცხადა მიტჩელმა.

მისივე თქმით, საქართველო აშშ-სთვის ძლიერი პარტნიორია.

„ერაყსა და ავღანეთში თქვენი ჯარისკაცები ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან. ჩვენ ასევე პარტნიორები იდეების სამყაროშიც ვართ. არც ერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია საქართველოს ნატო-ს წევრობას ვეტო დაადოს. ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ეს თქვენი, ევროპის და ამერიკის ინტერესია“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის თანაშემწემ.