„ვერსაჩემ“ იმ მაისურების გაყიდვა შეწყვიტა, რომელზეც ჰონგ-კონგი და მაკაო დამოუკიდებელ ტერიტორიებად არის მოხსენიებული
„ვერსაჩემ“ იმ მაისურების გაყიდვა შეწყვიტა, რომელზეც ჰონგ-კონგი და მაკაო დამოუკიდებელ ტერიტორიებად არის მოხსენიებული

იტალიურმა მოდის სახლმა „ვერსაჩემ“ ბოდიში მოიხადა და იმ მაისურების გაყიდვა შეწყვიტა, რომელზეც ჩინეთის რეგიონები ჰონგ-კონგი და მაკაო დამოუკიდებელ ტერიტორიებად არის მოხსენიებული.

„ვერსაჩეს“ მიერ გამოშვებულ მაისურებზე სხვადასხვა ქვეყანა და მათი ქალაქებია ჩამოთვლილი, ჩამონათვალში კი ჰონგ-კონგი და მაკაო დამოუკიდებელ ტერიტორიებადაა გამოტანილი.

ამ ფაქტს სოციალური ქსელებში მოდის სახლის მიმართ კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც „ვერსაჩემ“ ოფიციალური განცხადების საშუალებით ბოდიში მოიხადა.

ბოდიში მოიხადა „ვერსაჩეს“ კრეატიულმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დონეტალა ვერსაჩემაც.

„ძალიან ვწუხვარ იმ უიღბლო შეცდომის გამო, რომელიც ჩემმა კომპანიამ დაუშვა და რომელიც ახლა სოციალურ ქსელებში განიხილება. არასდროს მსურდა, უპატივცემულობა გამომეხატა ჩინეთის ეროვნული სუვერენიტეტის მიმართ და ამიტომ პერსონალურ ბოდიშს ვუხდი მათ ამ უზუსტობისთვის“, – დაწერა დონატელა ვერსაჩემ.

გარდა ბოდიშისა, „ვერსაჩე“ მაისურებს გაყიდვიდან ამოიღებს და მათ ​გაანადგურებს.

​სოციალურ ქსელში ჩინეთში „ვერსაჩეს“ ელჩისა და ქვეყანაში პოპულარული მსახიობის, იანგ მის გადადგომასაც ითხოვენ. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ამ მოთხოვნის შინაარსის ჰეშთეგიც შეიქმნა, რომელიც უკვე 860 მილიონმა ადამიანმა გამოიყენა.

თუმცა ცნობილმა მსახიობმა „ვერსაჩესთან“ თანამშრომლობა უკვე შეწყვიტა და სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა.

„ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშეუხებელია“ – ნათქვამია მოდელისა და მსახიობის იანგ მის განცხადებაში.

გარდა „ვერსაჩესი“, მსგავს სკანდალში გაეხვია მოდის სახლები „ჟივენში“ და „ქოაჩი“. მათ ჰონგ-კონგი და ტაივანი დამოუკიდებელ ტერიტორიებად მოიხსენიეს, მოგვიანებით კი ამისთვის მათაც მოიბოდიშეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, გასულ წელს მსგავსი შეცდომა სხვა ბრენდებმაც დაუშვეს, მაგალითად, „გაპმა“ მაისურებზე ჩინეთის „არასწორი“ დროშა „დაპრინტა“- ბრენდის დიზაინერებმა ტაივანი ქვეყნის შემადგენლობაში არ „შეიყვანეს“. მომხდარის გამო, მათ ბოდიში მოიხადეს.

იგივე გამეორდა „დელტა ეარლაინსის“ შემთხვევაშიც, როცა რუკაზე ჰონგ-კონგი, მაკაო და ტაივანი ცალკე ქვეყნებად აღნიშნეს.