8 დეკემბერს, Boxing Group Promotion-ის ორგანიზებითა და საქართველოს პროფესიული კრივის კავშირის მხარდაჭერით, ვერის კალათბურთის სასახლეში მასშტაბური საკრივო შოუ გაიმართა, სადაც სარეიტინგო ორთაბრძოლები და საქართველოს საჩემპიონო ქამრის გათამაშება შედგა.
საუკეთესო მოკრივეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ერთმანეთს ოთხრაუნდიან სარეიტინგო დაპირისპირებებში შეერკინენ. გულშემატკივრები საკუთარი ფავორიტების საგულშემატკივროდ ორგანიზებულად მოვიდნენ. ორთაბრძოლებმა ქომაგთა, ვეტერან სპორტსმენთა და საზოგადოების ცნობილი სახეების (რომლებიც მრავლად ესწრებოდნენ საკრივო შოუს) დიდი მოწონება დაიმსახურა.
დიდი ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლამ ქალ მოკრივეთა შორის 74 კგ წონით კატეგორიაში, რომელშიც გამორჩეული ქართველი მოკრივე, ელენა სიყმაშვილი ბულგარელ მეტოქეს, გამოცდილ ბორისლავა გორანოვას დაუპირისპირდა. ბრძოლა ძალზე საინტერესოდ წარიმართა, სიყმაშვილმა თავიდანვე აქტიურად შეუტია მოწინააღმდეგეს, უპირატესობა არც შემდგომ დაუთმია და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.
კრივის საღამოს კულმინაცია საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის ბრძოლა იყო. 72 კგ წონით კატეგორიაში, 8-რაუნდიან ბრძოლაში ერთმანეთს თბილისელი სანდრო ჯაჯანიძე და ზუგდიდელი ბაქარ ჯალაღონია დაუპირისპირდნენ. ბრძოლა სანდრო ჯაჯანიძის უპირატესობით დაიწყო და საბოლოოდ მან ბრწყინვალე სტილში, ნოკაუტით დაამარცხა მეტოქე.
გამარჯვებულს საქართველოს ჩემპიონის ქამარი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, საქართველოს პროფესიული კრივის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი კანდელაკმა გადასცა.
დანარჩენ საბრძოლო წყვილებში კი ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
68კგ – 4 რაუნდი
გია თოთლაძე (გორი) – სერგო აგამიროვი (თბილისი) – გაიმარჯვა თოთლაძემ ნოკაუტით
61კგ – 4 რაუნდი
გიორგი გოგატიშვილი (ფოთი) – აჩიკო ოდიკაძე (გორი)- გაიმარჯვა გოგატიშვილმა
+ 90კგ – 4 რაუნდი
გიორგი კოპაძე (ვარიანი) – თამაზ ზადიშვილი (კასპი) – გაიმარჯვა ზადიშვილმა
75კგ – 4 რაუნდი
გიორგი გუჯეჯიანი (მარნეული) – ბადრი გოგიჩაშვილი (გორი) – გაიმარჯვა გოგიჩაშვილმა
67კგ – 4 რაუნდი
ლუკა გოგობერიშვილი (თბილისი) – მერაბ თურქაძე (ქუთაისი) – გაიმარჯვა თურქაძემ
67კგ – 4 რაუნდი
კონსტანტინე ჯანგავაძე (ქუთაისი) – გურამ კურტანიძე (ყვარელი) – გაიმარჯვა კურტანიძემ
76კგ – 4 რაუნდი
იაგო კიზირია (ფოთი) – ნოდარ კუტიბაშვილი (სიღნაღი) – გაიმარჯვა კიზირიამ ნოკაუტით
76კგ – 4 რაუნდი
ელენე სიყმაშვილი (საქართველო) – ბორისლავა გორანოვა (ბულგარეთი) – გაიმარჯვა სიყმაშვილმა
84კგ – 6 რაუნდი
ლევან ლუხუტაშვილი (მესტია) – თამაზ იზორია (ზუგდიდი) – გაიმარჯვა ლუხუტაშვილმა
72კგ – 8 რაუნდი (საქართველოს ქამარი)
სანდრო ჯაჯანიძე (თბილისი) – ბაქარ ჯალაღონია (ზუგდიდი) – გაიმარჯვა ჯაჯანიძემ ნოკაუტით.