ვერა პუტინას შესახებ ბრიტანული „ეკონომისტი“ სტატიას აქვეყნებს
ვერა პუტინას შესახებ ბრიტანული „ეკონომისტი“ სტატიას აქვეყნებს

ვერა პუტინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვლადიმერ პუტინის ნამდვილი დედა იყო, საქართველოში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ეკონომისტი“. გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც ვერა პუტინამ პრეტენზია გამოთქვა, „კა-გე-ბე“ მივიდა მის სახლში, წაართვა ფოტოების ორიგინალები და უთხრა, რომ არ ელაპარაკა. „ეკონომისტის“ თანახმად, ვერა პუტინა რუსი იყო და არა ქართველი, მაგრამ გულიანი სიცილითა და საქმის კეთების უნარით პოპულარული იყო და ყველამ იცოდა, რომ ვერა „რუსეთის მეფის“ დედა იყო. გამოცემის თანახმად, ვერა პუტინა 73 წლის იყო, როდესაც ვლადიმერ პუტინი ტელევიზიით ნახა ახალი ამბების ეთერში. მანამდე ის ჩუმად იყო, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ვლადიმერ პუტინი, „ვოვა“, როგორც მან უწოდა, მისი დაკარგული, განსაკუთრებული შვილი იყო.

„ეკონომისტი“ წერს, რომ ვლადიმერ პუტინი ვერა პუტინას და პლატონ პრივალოვთან კოლეჯის რომანის შემდეგ გაჩნდა და როდესაც ტაშკენტში ქართველი ჯარისკაცი, გიორგი ოსეფაშვილი გაიცნო და ცოლად გაჰყვა, ვოვა შეთანხმების ნაწილი იყო.

„ქორწინება გაგრძელდა, მაგრამ კარგად არ წავიდა. ისინი სულ კამათობდნენ. გიორგიმ თქვა, რომ ფული ჰქონდა, მაგრამ მისი მშობლების სახლი მეტეხში, სადაც წაიყვანა, ნახევრად დანგრეული ქოხი იყო. მან ცოლო გლეხი აქცია. შემდეგ კი ვოვამ მათ ბრძოლა დაუწყო. უყვარდა თევზაობა და კითხვა, განსაკუთრებით რუსული იგავ-არაკები და ჰქონდა ლამაზ კალიგრაფიას. მართალია, ის შეიძლება, გაბრაზებულიყო, როცა ჭიდაობდა, წაგებაზე უარს ამბობდა, მაგრამ ძირითადად მშვიდი ბიჭი იყო. გიორგი მას არასდროს სცემდა, მაგრამ განზრახ იგნორირებას ახდენდა და ხმამაღლა ლაპარაკობდა მის გაძევებაზე. ბოლოს, როდესაც ვოვა ცხრა წლის იყო, ვერამ ის მშობლებთან გაგზავნა, მაგრამ ისინი ძალიან ავად იყვნენ საიმისოდ, რომ მისთვის მოევლოთ და გაგზავნეს იგი სამხედრო პანსიონში. ამის შემდეგ მან დაკარგა კონტაქტი, ვიდრე არ გაიგო, რომ ის „კა-გე-ბე-ში“ იყო. ეს, რა თქმა უნდა, არ არის წარმომავლობის ის ამბავი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პრეზიდენტის მშობლები მის ავტობიოგრაფიაში მოხსენებული იყვნენ, როგორც ვლადიმერ პუტინი უფროსი და მარია პუტინა, რომლებიც ცხოვრობდნენ ლენინგრადში, მაგრამ ვლადიმერი და მარია მხოლოდ „აღმზრდელები“ იყვნენ“, – წერს „ეკონომისტი“.

გამოცემის თანახმად, ვერა პუტინას ისტორია რუსეთში არ გავრცელებულა და ისე ჟღერს, თითქოს ქართველები ცრუობენ, მაგრამ ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ვლადიმერ პუტინი ათ წლამდე ბავშვობის ამბებზე არ ლაპარაკობს.

„ეკონომისტი“ წერს, რომ 2008 წელს „დეილი ტელეგრაფმა“ აღმოაჩინა, რომ ვლადიმერ პუტინი მართლაც სწავლობდა მეტეხის სკოლაში სამი წლის განმავლობაში.

„სხვა მოვლენებმაც გააჩინა ეჭვი. 2000 წელს ორი ჟურნალისტი, რომლებიც ვერას ამბავს იძიებდნენ – ჩეჩენი და იტალიელი – სხვადასხვა დროს „ავარიაში“ დაიღუპნენ. ვერას სახლში ერთხელ უცნობი პირები, ორი მამაკაცი და ორი ქალი მივიდნენ და სისხლი აიღეს დნმ-ის ტესტისთვის, მაგრამ მას შედეგი არასოდეს გაუგია. ვერას შვილი არ დავიწყებია. იყო შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს, როდესაც ვერამ სირცხვილი იგრძნო, მაგრამ, ზოგადად, მას უფრო რცხვენოდა საკუთარი თავის. მას სურდა, რომ პუტინი მეტეხში მხოლოდ ერთხელ ჩასულიყო, სურდა, მისთვის ბოდიში მოეხადა გაშვებისთვის და აეხსნა, რომ ეს მისი ბრალი არ იყო. რომელი დედა ვერ ცნობს საკუთარ შვილს? თანაც ისე დადიოდა, როგორც ყოველთვის: იხვივით“, – აღნიშნულია „ეკონომისტის“ სტატიაში.