„ვექტორ კავკაზა“ – მოსკოვის კვლევითმა ინსტიტუტმა წარადგინა პროექტი „პუტინის გზა“, რომელიც რუსეთის და სომხეთის სარკინიგზო და საავტომობილო დაკავშირებას ითვალისწინებს
მოსკოვის კვლევითმა ინსტიტუტმა წარადგინა პროექტი „პუტინის გზა“, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის გავლით რუსეთის და სომხეთის სარკინიგზო და საავტომობილო დაკავშირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვექტორ კავკაზა“ (ყოფილი „ეხო კავკაზა) ავრცელებს.
გეგმა, რომელიც რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ვლადისლავ გასუმიანოვმა შეიმუშავა, საერთაშორისო კონფერენციაზე „სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელების განვითარების პერსპექტივები“ წარადგინეს.
მოსკოვში გამართული საერთაშორისო კონფერენცია რუსეთის ფედერაციის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული კვლევების ცენტრისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების შესწავლის ცენტრის ერთობლივი ინიციატივა იყო.
როგორც მედია წერს, არაერთი სომეხი ექსპერტი აქტიურად ლობირებს ამ იდეას, მას რეგიონის „განბლოკვის“ ინსტრუმენტად მიიჩნევს და მოუწოდებს მხარეებს „ახალი, არაპოლიტიკური გადაწყვეტილებების“ ძიებისკენ, რათა რუსული პროექტი სომხეთის მთავრობის ოფიციალურ „მშვიდობის გზაჯვარედინთან“ იყოს ინტეგრირებული.