ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ დელსი როდრიგესი ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა
მას შემდეგ, რაც აშშ-ის ოპერაციის ფარგლებში ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი დააკავეს, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს, დელსი როდრიგესს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ვენესუელის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ნიკოლას მადუროსთვის საკუთარი ფუნქციის შესრულება დროებით შეუძლებელია. ქვეყნის კონსტიტუცია კი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფმა უნდა შეასრულოს.
როგორც სასამართლოს ბრძანებაშია აღნიშნული, დელსი როდრიგესი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში კანონით გათვალისწინებულ ყველა უფლებამოსილებას საკუთარ თავზე აიღებს, რათა ადმინისტრაციამ უწყვეტად იმუშაოს და ერის ყოვლისმომცველი დაცვა შეძლოს.
ცნობისთვის, მანამდე „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვენესუელის პრეზიდენტის დაკავების შემდეგ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი რუსეთში გაიქცა.