ვენესუელის თავდაცვის მინისტრი - ვენესუელა ყველაზე კრიმინალური სამხედრო აგრესიის სამიზნედ იქცა, ჩვენ გამოვყოფთ ყველა შესაძლებლობას თავდაცვისთვის
ვენესუელა უცხოური ჯარების ყოფნას წინააღმდეგობას გაუწევს, – ამის შესახებ ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინომ განაცხადა.
მისივე თქმით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ბრძანებით, ქვეყანა საკუთარი ერის თავდაცვის მიზნით ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
„თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული ვენესუელა გმობს უცხოური ჯარების ამ ქმედებებს, რომლებმაც გზად სიკვდილი, ტკივილი და განადგურება დატოვეს. ჩვენი მთავარსარდლის, ნიკოლას მადუროს ბრძანებით, ჩვენ გამოვყოფთ ყველა შესაძლებლობას ერის ინტეგრალური თავდაცვისთვის. სამხედრო და საპოლიციო ძალების კოორდინირებული მუშაობით დავიწყეთ ყველა სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სარაკეტო თავდაცვის იარაღის სისტემის მასიური განლაგება“, – განაცხადა ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა.
ვლადიმირ პადრინოს განცხადებით, ვენესუელა „ყველაზე კრიმინალური სამხედრო აგრესიის“ სამიზნედ იქცა, რის შედეგადაც ქვეყანა ახლა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას იძიებს.
„ვენესუელის ერი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან ყველაზე კრიმინალური სამხედრო აგრესიის სამიზნე გახდა. ამ მომენტამდე დამპყრობელი ძალების ბარბაროსობამ შეურაცხყო ჩვენი წმინდა მიწა ფუერტე ტიუნას, კარაკასის, მირადის, არაგუის და ლა გუარდიის ლოკაციებზე, საბრძოლო ვერტმფრენებიდან რაკეტები ისროლეს სამოქალაქო რაიონებში, სადაც ჩვენ უკვე ვაგროვებთ ინფორმაციას დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ“, – აღნიშნავს პადრინო.
გავრცელებული ცნობით, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელაში სამხედრო ბაზები, ქვეყნის მთავარი პორტი და პარლამენტის შენობა დაბომბეს.
ვენესუელის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვენესუელის მთავრობამ აშშ თავდასხმაში დაადანაშაულა და „სამხედრო აგრესია“ დაგმო, ამ აგრესიის მიზნად კი ვაშინგტონის მიერ ქვეყნის ნავთობისა და მინერალების მითვისების სურვილი დაასახელა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.