ვენესუელის პროკურატურამ ხუან გუაიდოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ვენესუელის პროკურატურამ ხუან გუაიდოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ვენესუელის პროკურატურამ ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის მიზეზად პროკურატურაში ხუან გუაიდოს გეგმა დაასახელეს, რომლის თანახმადაც, ვენესუელამ მეზობელი გაიანის მიერ კონტროლირებად სადავო ტერიტორიაზე უარი უნდა თქვას.

როგორც ვენესუელის გენერალურმა პროკურორმა, ტარეკ უილიამ სააბმა განაცხადა, ამგვარი განზრახვა სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.

ნიკოლას მადუროს რეჟიმის აზრით, გუაიდოს სადავო ტერიტორიაზე უარის თქმას აშშ-ი აიძულებს.

სადავო რეგიონი გაიანის ტერიტორიის დაახლოებით ორ მესამედს წარმოადგენს. საზღვარი დადგენილია 1899 წელს, თუმცა კარაკასი მას არ აღიარებს. 2015 წელს სადავო ტერიტორიის სანაპიროსთან ნავთობის მსხვილი საბადოები აღმოაჩინეს.

ვენესუელაში უკვე მრავალი თვეა მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია. 2019 წლის იანვარში ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და ის ათობით სახელმწიფომ აღიარა, მათ შორის აშშ-მა, კანადამ, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა და საქართველომ. მადუროს მხარს უჭერენ შეიარაღებული ძალები და ძალოვანი სტრუქტურები. მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად ასევე აღიარებენ: რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი და კუბა.