ვენესუელის ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მადუროს რეჟიმის დამხობის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა გაუქმდეს 
ვენესუელის ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მადუროს რეჟიმის დამხობის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა გაუქმდეს 

ვენესუელის გაერთიანებული ოპოზიციის წევრი და აქტივისტი ხერმან დიასი მიიჩნევს, რომ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ავტორიტარული რეჟიმის დამხობის შემდეგ, ახალმა მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, რაც უგო ჩავესის დროს მოხდა, უნდა გააუქმოს.

მადუროს ავტორიტარული რეჟიმის დამხობის შემდეგ, მთავრობა უდიდესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება. ახალი დემოკრატიული მთავრობა მემკვიდრეობად მიიღებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით უნდა გაუმკლავდეს. ახალმა მთავრობამ ბევრი რამ უნდა შეცვალოს, ბევრი მახინჯი კანონი, რომელიც მემკვიდრეობად ერგება წინა ულტრამემარცხენე ხელისუფლებისგან. მათ შორისაა ოკუპირებული, არალეგალურად არსებული ორი სახელმწიფოს – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება. დარწმუნებული ვარ, ეს აღიარება გაუქმდება“, – განაცხადა ხერმან დიასმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ჩავიზმის პერიოდში რუსეთის ფედერაციასთან ვენესუელის დაახლოებამ ქვეყანას მხოლოდ უბედურება მოუტანა.

დიასი გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წევრი და აქტივისტია. იგი აქტიურად არის ჩართული ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში.

2014 წელს საპროტესტო აქციების დროს, ხერმან დიასი ოპოზიციის ლიდერ ლეოპოლდ ლოპესთან ერთად დააპატიმრეს. მან „ფეისბუქზე“ მედიაპლატფორმა შექმნა, რომლის საშუალებითაც ვენესუელის შესახებ სწორ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მადურო ვენესუელაში მედიას მკაცრად აკონტროლებს და სიმართლეს დეზინფორმაციით ებრძვის.

ხერმან დიასი მიიჩნევს, რომ მადურო 20 მაისის არჩევნებს გააყალბებს, რაშიც რუსეთიდან და ნიკარაგუადან ჩასული დამკვირვებლები ხელს შეუწყობენ.

„სამწუხაროდ, დღეს ვენესუელაში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, იმედი არ მაქვს, რომ არჩევნები ვითარებას შეცვლის. ჩვენ კვლავაც ქუჩაში მოგვიწევს ბრძოლის გაგრძელება. ეს ის შემთხვევაა, როცა რეჟიმი არა არჩევნებით, არამედ ძალით უნდა დაემხოს. ეს არც არგენტინაა და არც ევროპის რომელიმე ქვეყანა. აქ რეპრესიული მანქანა მუშაობს, უკიდურესი სიღატაკეა, მადუროს ემორჩილებიან ჯარი და სპეცრაზმი, ასევე არალეგალურად ფორმირებული შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც 2017 წელს აქციების დროს დემონსტრანტებს ხოცავდნენ“, – განაცხადა ვენესუელელმა აქტივისტმა.

მისივე თქმით, თუ ქუჩის აქციებით რეჟიმი არ დაემხო, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის გადასარჩენად აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია იქნება.

დიასმა „პირველ არხთან“ საუბარში  აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან ვენესუელელი ხალხი მეტ მხარდაჭერას გრძნობს, ვიდრე  – ობამას პრეზიდენტობის პერიოდში.

„სხვა საკითხია, რამდენად გამართლებულია სამხედრო ინტერვენცია, თუმცა თუ ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მივიდა, რისი რისკიც არსებობს, ნიკოლას მადუროს დიქტატურის შესაჩერებლად შეერთებული შტატების ჩარევა აუცილებელი იქნება“, – განაცხადა ვენესუელელმა ოპოზიციონერმა ხერმან დიასმა.