ვენესუელას თავდაცვის მინისტრი - არმიის დიდი ნაწილი კვლავ ნიკოლას მადუროს ერთგულია
ვენესუელას თავდაცვის მინისტრი - არმიის დიდი ნაწილი კვლავ ნიკოლას მადუროს ერთგულია

ვენესუელას მოქმედი თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ პადრინო აცხადებს, რომ ქვეყანაში დაპირისპირების დიდი ნაწილი აღკვეთილია.

ვლადიმირ პადრინოს განმარტებით, ვენესუელას არმიის დიდი ნაწილი კვლავ ნიკოლას მადუროს ერთგულია.

ამასთან, ვენესუელას მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში აშშ-ს ადანაშაულებს.

როიტერსთან“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ხორხე არეაზამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება ვენესუელელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ არ არის მოწყობილი.

„ეს არ არის სამხედრო მოსამსახურეების გადატრიალება. ეს პირდაპირ არის დაგეგმილი ვაშინგტონიდან, პენტაგონიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ისინი ხელმძღვანელობენ ამბოხებას და მითითებებს აძლევენ ხუან გუაიდოს“,-  განაცხადა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი.

დღეს ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ ვიდეომიმართვა გაავრცელა. სამხედრო მოსამსახურეებთან და ოპოზიციონერ ლეოპოლდო ლოპესთან ერთად გადაღებულ ვიდეოში ხუან გუაიდო აცხადებს, რომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში გადადის.

ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.