ვენესუელა აშშ-მა შესაძლოა, ტერორიზმის სპონსორთა სიაში შეიყვანოს
ვენესუელა აშშ-მა შესაძლოა, ტერორიზმის სპონსორთა სიაში შეიყვანოს

აშშ-ის ხელისუფლება ვენესუელის ტერორიზმის სპონსორ-სახელმწიფოდ გამოცხადებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ვენესუელა ირანის, ჩრდილოეთ კორეის, სუდანისა და სირიის სიას შეუერთდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რომელიმე ქვეყნის ტერორიზმის სპონსორთა სიაში შეყვანა სახაზინო დეპარტამენტს უფლებას აძლევს, სანქციები დაუწესოს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობები აქვთ. კერძოდ, აკრძალვას ექვემდებარება იარაღისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი, ასევე საბანკო ოპერაციები.

The Washington Post-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტი ვენესუელის ტერორიზმის სპონსორთა სიაში შეყვანის საკითხს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან განიხილავს. აშშ-ის საგარეო უწყებაში ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

აშშ-ის ხელისუფლებას ვენესუელის წინააღმდეგ სანქციების არაერთი პაკეტი აქვს დაწესებული. სანქციების გაფართოების შესახებ ბოლოს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა. მაშინ „შავ სიაში“ ვენესუელის თავდაცვის მინისტრი, კავშირის და ინფორმაციის მინისტრი, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ასევე პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მეუღლე მოხვდნენ.

ბოლო წლებში, ვენესუელა მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ქვეყანაში ჰიპერინფლაცია და პირველადი საჭიროების ნივთებისა და მედიკამენტების დეფიციტია. გაერო-ს მონაცემებით, კრიზისის გამო, ქვეყანა 2,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა.