ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან
ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან

ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.

შეხვედრას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილიც ესწრება.

როგორც ოხანაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, კომისიის ექსპერტებს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს გააცნობენ.

„ვენეციის კომისიას გავაცნობთ დეტალურად ჩვენს მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ეფუძნება ევროსაბჭოს ძირითად რეკომენდაციებს და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან, რომელიც არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ ვენეციის კომისიის შეფასება იქნება პოზიტიური. ასევე. გვაქვს ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აზრთა ურთიერთგაცვლის მოლოდინი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოს დღეს ეწვივნენ. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვენეციის კომისიის წევრი (დანია), საპარლამენტო ომბუდსმენი  იორგენ სტინ სორენსენი,; ვენეციის კომისიის წევრი (თურქეთი), იბნ ჰალდუნის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორი იავუზ ატარი; შვედეთის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს ბიუროს ყოფილი წევრი  მატს მელინი; ვენეციის კომისიის სათადარიგო წევრი (მოლდოვა), სახელმწიფო მდივანი, მოლდოვის იუსტიციის მინისტრი ნიკოლაე ესანუ; სამართლებრივი საკითხების თანამშრომელი, (ვენეციის კომისია, ევროპის საბჭო) –  ტანია გერვიენი.

კომისიის ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრების მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი და ამ საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები იქნება. კომისიის ექსპერტები მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტზე, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, დასკვნას მოამზადებენ.

ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის ექსპერტები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ასევე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდებიან.