ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდნენ
ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდნენ

ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, საუბრის მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტი იყო, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მომზადდა. ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ დროის სიმცირის გამო, ვრცლად საუბრის შესაძლებლობა არ მიეცათ.

„მე და ანა დოლიძემ წერილობით გადავეცით ჩვენი მოსაზრებები, რას ვფიქრობთ დღეს არსებულ სიტუაციაზე უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით და არსებულ კანონპროექტზე, რომელიც ვენეციის კომისიას წარედგინა. რამდენიმე ძირითად ნაწილზე გავაკეთეთ ჩვენი აქცენტი. უპირველესად, ვფიქრობთ, რომ ინტერესთა კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს მაქსიმალურად ისე, რომ ნდობა ჰქონდეს ამ პროცესს, არანაირი კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, რატომ წარადგინა ესა თუ ის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ასევე ვისაუბრეთ, რომ არამოსამართლე წევრების როლი მაქსიმალურად გაიზარდოს მიღების პროცესში. ნულოვანია დღეს ჩვენი როლი, როგორც კი საქმე ეხება წარდგენას უზენაეს სასამართლოს კანდიდატურებთან დაკავშირებით და ჩვენ ვთხოვეთ, რომ ამ პროცესში უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა და მაქსიმალური გამჭირვალობა. ველოდები ობიექტურ დასკვნას და ველოდები იმასაც, რომ შეფასებები, რომელსაც გააკეთებს ვენეციის კომისია, იქნება სწორედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დატოვე კომენტარი