ვენეციის კომისიის ექსპერტები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდებიან
ვენეციის კომისიის ექსპერტები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდებიან

ვენეციის კომისიის ექსპერტები დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდებიან. აუდიენციის მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მომზადდა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ევროპელ ექსპერტებს კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს გაუზიარებენ. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი ვერ უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნავს, მიუღებელია ის ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, ხდება ინტერესთა კონფლიქტის მექანიზმებისა და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების შემოღება. არამოსმართლე წევრი ასევე აკრიტიკებს იუსტიციის საბჭოს მიერ კანდიდატურის წარდგენის სტანდარტს.

„მე და ქალბატონი ანა გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს, რომელიც ეხება კანონპროექტს. ასევე იმ მოსაზრებებს, რომელიც ჩვენ თავის დროზე წინადადების სახით შევიტანეთ პარლამენტში. ძირითადი წუხილის საგანი, ბუნებრივია, არის ინტერესთა კონფლიქტის მექანიზმების შემოღება, ასევე გამოცდების შემოღება, რომელიც ვფიქრობ, არ არის რელევანტური დღეისათვის, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა მოვთხოვოთ კანდიდატებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის გადაწყვეტილების მიღების სტანდარტი, თუ როგორ მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას, როდესაც წარადგენს კანდიდატურას და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას კონსენსუსით, თუმცა პარლამენტმა ეს მოდელი არ გაითვალისწინა“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საკუთარ მოსაზრებებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ექსპერტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებიც გააცნობენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნები ხელოვნურად წამოწეული თემებია.

„ჩვენ მოვისმენთ ვენეციის კომისიის მოსაზრებებს და ასევე ვუპასუხებთ მათ შეკითხვებს ამ კანონთან დაკავშირებით. ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს რაც შეეხება, ვფიქრობ, კანონი ამომწურავად არეგულირებს ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს. ვფიქრობ, ზედმეტი დაცვაც კი არის ჩადებული, რადგან პირველ ორ ეტაპზე საერთოდ არ აქვს საბჭოს წევრს, რომელიც ასევე კანდიდატი იქნება, მონაწილეობის უფლება, ხოლო დასკვნით ეტაპზე ის ვერ მიცემს საკუთარ კანდიდატურას ხმას. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის ხელოვნურად წამოწეული თემა და აქ ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა არ დგას. საკვალიფიკაციო გამოცდას რაც შეეხება, ელემენტარული ტესტი არის საკვალიფიკაციო გამოცდა, რათა საბჭოს შეეძლოს, იმსჯელოს კანდიდატის კომპეტენტურობის თაობაზე“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ვენეციის კომისიის ექსპერტების შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან 09:00 საათზე დაიწყება.