ვენეციის კომისია - კიევმა უნდა აღმოფხვრას ენებთან, მათ შორის რუსულ ენასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული მომენტები 
ვენეციის კომისია - კიევმა უნდა აღმოფხვრას ენებთან, მათ შორის რუსულ ენასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული მომენტები 

ვენეციის კომისია უკრაინის ხელისუფლებას ურჩევს, განათლების შესახებ კანონის მეშვიდე მუხლში შესწორებები შეიტანოს. კომისიაში მიიჩნევენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა ეთნიკური უმცირესობების უფლებები, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესახებ. ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კიევმა უნდა აღმოფხვრას ენებთან, მათ შორის რუსულ ენასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული მომენტები.

უკრაინის ხელისუფლების მეირ მიღებული კანონის მეშვიდე მუხლის თანახმად, 2020 წლიდან ნაციონალური უმცირესობების ბავშვებს მშობლიურ ენაზე სწავლა მხოლოდ დაწყებით სკოლაში შეეძლებათ. მეხუთე კლასიდან კი, სასწავლო პროცესი უკრაინულ ენაზე წარიმართება, ეთნიკური უმცირესობების ენებს კი, ცალკე საგნად შეასწავლიან.

ვენეციის კომისიაში აღიარებენ, რომ ხელისუფლებას აქვს კანონიერი უფლება, მიმართოს ზომები სახელმწიფო ენის გასაძლიერებლად, რომ მას ფლობდეს ქვეყნის ყველა მოქალაქე, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის საგანმანათლებლო რეფორმა ზოგადად, დადებითად ფასდება, განათლების შესახებ ახალმა კანონმა შიდაპოლიტიკურ და საერთაშორისო დონეებზე კრიტიკა და პროტესტი გამოიწვია. ახალი კანონი მკაცრად გააკრიტიკეს უნგრეთმა, რუმინეთმა და პოლონეთმა.

ვენეციის კომისიის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მეშვიდე მუხლი ბუნდოვანს ხდის უკრაინაში მცხოვრები ნაციონალური უმცირესობების ლინგვისტური უფლებების დაცვის დონეს. კომისიაში მიიჩნევენ, რომ კანონის ამოქმედებით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეეზღუდებათ მათ მშობლიურ ენებზე სწავლის შესაძლებლობები.