ვენეციის კინოფესტივალის დირექტორი ალბერტო ბარბერა – ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ ქართული კინოს ტრადიციებს აგრძელებს

14:32, 24.07.2026

ვენეციის კინოფესტივალის სექციაში – Venice Spotlight-ი ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გურია“ იქნება წარმოდგენილი.

ფილმი გადაღებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, შემოქმედებითი საქართველოს, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით. „გურია” შვიდი ქვეყნის (საქართველო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ნორვეგია, თურქეთი, საუდის არაბეთი) კოპროდუქციაა.

Venice Spotlight-ი ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული სექციაა, სადაც შემოქმედებითი ორიგინალურობითა და მხატვრული ხედვით გამორჩეული ნამუშევრები იყრის თავს. აღნიშნულ სექციაში წელს მხოლოდ რვა ფილმია წარმოდგენილი. ოფიციალური პროგრამის გამოცხადების დროს ვენეციის კინოფესტივალის დირექტორმა, ალბერტო ბარბერამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ ქართული კინოს ტრადიციებს აგრძელებს.

ლევან კოღუაშვილის თქმით, ფილმი არის ადამიანებზე, რომლებიც, რთულ პირობებში ცხოვრების მიუხედავად, ადამიანობას ინარჩუნებენ.

„ისინი შორს არიან სრულყოფილებისგან და ხშირად საკმაოდ ცუდადაც იქცევიან, მაგრამ რჩებიან ადამიანებად. მათ შეუძლიათ მეგობრობა და თანაგრძნობა. მე მინდოდა, გადამეღო ფილმი ჩვეულებრივ ადამიანებზე ყოველგვარი იდეოლოგიური კლიშეებისა თუ პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე – უბრალოდ ცხოვრება, უბრალოდ კინო, უბრალოდ გურია. გურია მეტია, ვიდრე უბრალო კუთხის სახელი, ეს უფრო შინაგანი მდგომარეობაა“, – განაცხადა კოღუაშვილმა.

საქართველოს კულტურის სამინისტრო ულოცავს რეჟისორ ლევან კოღუაშვილს და ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს აღიარებას და წარმატებებს უსურვებს.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი