ველისციხეში ადგილობრივები ექსპრეზიდენტის ძმას, დავით სააკაშვილს მოსახლეობის ერთმანეთთან დაპირისპირებაში ადანაშაულებენ
ველისციხეში ადგილობრივები ექსპრეზიდენტის ძმას, დავით სააკაშვილს მოსახლეობის ერთმანეთთან დაპირისპირებაში ადანაშაულებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ჩასულ ექსპრეზიდენტის ძმას, დავით სააკაშვილს ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა და სოფლის დატოვება მოსთხოვა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები 400 ლარიანი პენსიის დანიშვნის აბსურდული დაპირებით ხალხის შეცდომაში შეყვანას და ამ გზით ხმების მოპოვებას ცდილობენ.

ველისციხის მცხოვრებთა განცხადებით, დავით სააკაშვილი ხშირად ჩადის სოფელში და ცდილობს, ხალხი ერთმანეთს დაუპირისპიროს.

მათივე თქმით, ბოლო დროს ველისციხეში არა ერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა და რთველიც პრობლემების გარეშე მიმდინარეობდა.

ველისციხელები აცხადებენ, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნების წინააღმდეგნი არიან.

კახეთში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ველისციხის ინციდენტის გამოძიებისთვის გურჯაანის პოლიციას მიმართავს. მისივე თქმით, ხელისუფლების მხარდამჭერებმა პარტიის შტაბში მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.