ვედათ მურიქი - საქართველოს ნაკრები მეორედაც უნდა დავამარცხოთ #1TVSPORT
ვედათ მურიქი - საქართველოს ნაკრები მეორედაც უნდა დავამარცხოთ #1TVSPORT

კოსოვოს თავდამსხმელმა ვედათ მურიქიმ საქართველოსთან მატჩამდე ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა. კოსოვო საქართველოს სამშაბათს, 12 ოქტომბერს პრიშტინაში ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში შეხვდება.

იტალიური „ლაციოს“ კოსოვოელმა თავდამსხმელმა ვედათ მურიქიმ აღნიშნა, რომ კოსოვოს საქართველოსთან მეორე შეხვედრაშიც გამარჯვება სურს.

„ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს ნაკრები მეორედ დავამარცხოთ, მაგრამ, როგორც წესი, მოედანზე ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. გავაკეთოთ ჩვენი საუკეთესო. მე ასევე ველოდები უკეთეს თამაშს, ვიდრე შვედეთთან და ვფიქრობ, რომ ჩვენ საამისოდ მზად ვართ. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, ჩვენ ერთმანეთს უკეთ ვეცნობით და მუდმივად ერთსულოვნები ვართ”, – თქვა მურიქიმ.

მან დაამატა, რომ გულშემატკივრები იმედიანად უნდა იყვნენ და შედეგს ტურნირის ბოლოსთვის დაელოდონ.

„ჩვენ ერთმანეთს ბოლო მატჩამდე და ბოლო მომენტამდე უნდა დავეხმაროთ და გავამხნევოთ, რომ პოზიტიურად განვეწყოთ“, – დასძინა „ლაციოს“ თავდამსხმელმა.

კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.