იტალიური გამოცემა - გოგლიჩიძე „კალიარისთან“ კვლავ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძე, დიდი ალბათობით, „კალიარის“ წინააღმდეგ კვლავ „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Quotidiano Sportivo ავრცელებს.
„სერია A-ს მეხუთე ტურში „ემპოლი“ „კალიარისთან“ შესახვედრად რამდენიმე დანაკლისით ემზადება. ტრავმირებულნი არიან ფაზინი და საზონოვი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა. იმის გათვალისწინებით, რომ მატია დე შილიო ასევე არ არის სათამაშოდ მზად, საბა გოგლიჩიძე, დიდი ალბათობით, კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება“.
საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა 20 წლის მცველმა „ემპოლიში“ სადებიუტო შეხვედრა მესამე ტურში ჩემპიონთა ლიგის მონაწილე „ბოლონიასთან“ (1:1) ჩაატარა, შემდეგ კი იტალიური გრანდის, „იუვენტუსის“ (0:0) წინააღმდეგაც ითამაშა.
მეხუთე ტურში „ემპოლი“ „კალიარის“ 20 სექტემბერს ესტუმრება – მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.