საქართველოსთან მატჩამდე კოსოვოს მწვრთნელს გადადგომისკენ მოუწოდებენ - გუნდით კმაყოფილი ვარ და გათავისუფლების არ მეშინია #1TVSPORT
კოსოვოს მთავარმა მწვრთნელმა ბერნარდ შალანდმა საქართველოს ნაკრებთან 12 ოქტომბრის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ შვედეთთან წინა ტურის წაგებული (3:0) მატჩისთვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
„საქართველოსთან, საბერძნეთთან და ესპანეთთან კარგი თამაშები ჩავატარეთ, ასე რომ შვედებთან წაგების მიუხედავად, პრობლემები არ გვაქვს ან მე ვერ ვხედავ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ შესაძლოა ეს არ იყოს საკმარისი. ესპანეთმაც შვედეთთან წააგო და ეს არ გამხდარა მწვრთნელის გადადგომის მიზეზი. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს გადაწყვეტილებებზე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე, სხვაგვარი პრობლემები გვქონდა -კორონავირუსთან და ტრავმებთან დაკავშირებით და გუნდის შედეგებზე სწორედ ეს აისახა”, – თქვა შალანდმა.
საქართველოსთან მატჩამდე, შვედეთის ნაკრებთან წინა ტურში წაგების (3:0) შემდეგ კოსოვოს მედია მთავარი მწვრთნელის გადადგომას ითხოვს. მან კომენტარი ამ საკითხზეც გააკეთა.
შალანდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების არ ეშინია.
„მე კმაყოფილი ვარ ამ გუნდით და სამსახურიდან გათავისუფლების არასოდეს შემშინებია. თუ ფედერაცია ამას საჭიროდ მიიჩნევს, გამიხარდება, მაგრამ თანამშრომლობის გაგრძელებას თუ ჩათვლის საჭიროდ, პრობლემა არც ეს არის”.
70 წლის შვეიცარიელმა სპეციალისტმა გარკვევით თქვა, რომ თავისი ნაკრებით კმაყოფილია, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის სათავეში არ იქნებოდა.
„კონტრაქტის ხელმოწერის პირველი დღიდან ნათელი იყო, რომ ყოველი დღე ჩემთვის გადარჩენისთვის ბრძოლა იყო. ასე იყო ყოველდღიურად, თამაშიდან თამაშამდე. მწვრთნელები ასე ვცხოვრობთ, რაც ჩვენს პროფესიას ახასიათებს. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ სამ წელზე მეტია კოსოვოს მწვრთნელი ვარ და რომ არ მომწონდეს გუნდი და არ ვიყო კმაყოფილი, ამდენ ხანს არ დავრჩებოდი”.
კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.