ლოგიკური წაგება ძველმოდური ფეხბურთით - საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა შემოდგომის პირველი ოფიციალური შეხვედრა ბათუმის ახალ არენაზე გამართა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში კოსოვოსთან დამარცხდა და შესარჩევ ციკლში ყველაზე ცუდი თამაში აჩვენა.

ვილი სანიოლის შემადგენლობაში ყველაზე საყურადღებო დეტალები იყო ის, რომ გიორგი მამარდაშვილს ძირითადში ისევ გიორგი ლორია ამჯობინა, ფლანგებზე ბათუმის „დინამოს“ მცველები, გოგა ჩაბრაძე და ირაკლი აზაროვი დააყენა, ხოლო ნაკრების დებიუტანტი გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც უკრაინის ნაცვლად საქართველოს პასპორტი წელს მიიღო, ასევე ძირითად თერთმეტეულში გაამწესა.

კოსოვოს ნაკრებს დააკლდა ინგლისის პრემიერლიგის „ნორვიჩის“ თავდამსხმელი მილოტ რაშიცა, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის ადმინისტრაციამ საქართველოში არსებულ კოვიდმდგომარეობის გამო არ გამოუშვა. კოსოვოელებს ასევე არ ჰყავდათ ფრანგული „რეიმსის“ 26 წლის მოთამაშე არბერ ზენელი და შვეიცარიული „ბაზელის“ წევრი ედონ ჟეგროვა, ვერც ბერსანტ სელინა დაეხმარათ, რომელიც სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლო დღეს „იფსვიჩ თაუნში“ გადავიდა. დააანონსეს, რომ ანალოგიური მიზეზით გუნდს ლირიმ კასტრატიც დააკლდებოდა, რომელიც ზაგრების „დინამოდან“ ვარშავის „ლეგიაში“ გადავიდა, მაგრამ ის ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ.

თამაშამდე გუნდს ხვიჩა კვარაცხელია და საბა ლობჟანიძე დააკლდნენ, მაგრამ მე-12 წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება ოთარ კიტეიშვილსაც მოუხდა, რაც ძალიან არასასიამოვნო ამბავი იყო.

მალე ამას მეორე უსიამოვნო ამბავიც დაემატა: კოსოვოელებმა შეტევა განავითარეს, ვალენ ბერიშამ საჯარიმოში ვედატ მურიქის უპასა, დათა ხოჭოლავამ ხელი ვერ შეუშალა და კოსოვო დაწინაურდა – 0:1.

საერთოდ, საქართველოს ნაკრები ძალიან დაბალ ტემპში თამაშობდა, მოძრაობა და სწრაფ ტემპში შეტევების განვითარება უჭირდა, ფლანგები კარგად ვერ ამწვავებდნენ. ყველაზე აქტიური დებიუტანტი გიორგი წიტაიშვილი იყო. პირველი სახიფათო მომენტი 26-ე წუთზე მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ შეიქმნა, მაგრამ ბურთი კარს ასცდა. 33-ე წუთზე მომენტი ისევ წიტაიშვილმა შექმნა, მაგრამ ჯაბა ჯიღაურის დარტყმას მცველი გადაეფარა და ვითარება განიმუხტა.

მეორე ტაიმში უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა, მაგრამ სტუმრები მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და 54-ე წუთზე აშკარა გოლისგან გიორგი ლორიმ გადაგვარჩინა, რომელმაც პირისპირ დარჩენილ ლირიმ კასტრატის არ გაატანინა, ხოლო ვედატ მურიქის დამატებაზე ჯაბა კანკავა გადაეღობა.

57-ე წუთზე ჩვენ ნაკრებს გათანაბრება შეეძლო, მაგრამ კუთხურის გათამაშების შემდეგ კარის წინ დარჩენილმა გიორგი აბურჯანიამ ვერ დაარტყა. საქართველოს ნაკრებს ტემპი და დინამიკა აკლდა და შედეგის მიღწევას მოთამაშეები ინდივიდუალიზმით ცდილობდნენ. 71-ე წუთზე სახიფათოდ დაარტყა გიორგი მიქაუტაძემ, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.

ანგარიში არ იცვლებოდა და ვილი სანიოლმა ორმაგი ცვლილება გააკეთა – მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე და ზურიკო დავითაშვილი შემოვიდნენ. თუმცა, ვითარება ამანაც ვერ შეცვალა, კოსოვოელები უკეთესად ახერხებდნენ კონტრშეტევების განხორციელებას და საბოლოოდ, ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში პირველი გამარჯვება საქართველოში ჩაიწერეს.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი ნაკრები 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს, მაგრამ ასეთი თამაშით ძნელი სათქმელია, რისი იმედი უნდა გვქონდეს. საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენილი, ძველმოდური ფეხბურთი აჩვენა და შედეგი ჩვენდა სამწუხაროდ ლოგიკური იყო. ოთხი ტურის შემდეგ ერთი ქულით საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზეა.


საქართველო – კოსოვოს მხარე 0:1


გოლი: 0:1 ვ. მურიქი (18. ვ. ბერიშას პასით)

02.09.2021. ბათუმი. „აჭარასპორტარენა“. უმაყურებლოდ

საქართველო: ლორია – ჩაბრაძე, ხოჭოლავა, კაშია, აზაროვი – კანკავა, აბურჯანია (78. დავითაშვილი) – წიტაიშვილი, კიტეიშვილი (12. ჯიღაური), ყაზაიშვილი (60. მიქაუტაძე) – ქვილითაია (78. ჩაკვეტაძე)

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

კოსოვო: მურიქივოივოდა, რაჰმანი, ალიტი, ხადერგენაიხალიმი (68. ლოშაი), დრეშევიჩი, ბერიშა (90+4. კრუზიუ,) – რაშანი (90+4. შალია), კასტრატი (68. ბიუტიქი), მურიქი

მთავარი მწვრთნელი: ბერან შალანდი

მთავარი არბიტრი: ნიკოლაი ბალაკინი (უკრაინა)

გაფრთხილებები: ბერიშა (25), კასტრატი (63), კაშია (63), ხოჭოლავა (77), ჩაბრაძე (88), კრუზიუ (90+5)