ვაზისუბნის დასახლებაში მკვლელობა მოხდა
ვაზისუბნის დასახლებაში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულია 1988 წელს დაბადებული პირი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირველადი ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ხ.მ.-ს დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, დაჭრილი დაუყოვნებლივ  გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ იგი სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ, მიყენებული ჭრილობების შედეგად, მალევე გარდაიცვალა.

უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, დამნაშავის გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ინტენსიურ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.