ვაზისუბანში „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
ვაზისუბანში „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ვაზისუბანში „მეოთხე საოჯახო მედიცინის ცენტრი“ დღეს პაციენტებს კვლავ მიიღებს. მისმა  თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს.

გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალმა ადმინისტრაციასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. შეთანხმების მიხედვით, ადმინისტრაციამ 10 სამუშაო დღის განმავლობაში მედპერსონალს სახელფასო დავალიანება უნდა დაუფაროს. ასევე, შეიქმნება შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროცესის მონიტორინგს განახორციელებს.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი ამირანაშვილი აცხადებს, რომ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დღეს, პირველ საათზე იგეგმება შეხვედრა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ცენტრის თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ. ისინი ცენტრის ადმინისტრაციას არასათანადო შრომითი პირობების შექმნაში ადანაშაულებდნენ და ფინანსური დავალიანების გასტუმრებას ითხოვდნენ.