ვატო წერეთელი - მამაჩემის წინააღმდეგ დევნის დაწყებით, ჩემზე მანიპულირებას შეეცდებიან
ვატო წერეთელი - მამაჩემის წინააღმდეგ დევნის დაწყებით, ჩემზე მანიპულირებას შეეცდებიან

ვვარაუდობ, რომ სურთ მამაჩემის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით შეეცდებიან ჩემზე მანიპულირებას, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვატო წერეთლის თქმით, დაკითხვის დროს მასაც ჰქონდა კითხვები, თუმცა მათი დასმის საშუალება არ მიეცა.

„ერთი კითხვის დასმა ვცადე, მე მაინტერესებდა, ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარე, რაზეც ვერც პასუხი მივიღე და მოსამართლემაც გამაჩერა, რომ არ მქონდა უფლება კითხვების დასმის. ყოველ შემთხვევაში ამ საქმეს არც დაზარალებული ყავს, არც მომჩივანი. იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ და არც მომჩივანი მხარე, არის ძალიან დიდი ეჭვი, რომ უკავშირდება ტელევიზიას.

კითხვები დამისვეს 11 წლის წინანდელ ტრანზაქციის შიდა დეტალებზე, რაზეც განვუცხადე, რომ შიდა დეტალები მე ნამდვილად არ ვიცი. სასამართლოს თემებზე საერთოდ არ ვაპირებ საუბარს, რადგან ამ თემებზე ჩემი ადვოკატი ისაუბრებს, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს არის სრული იდიოტიზმი. მე ვფიქრობ, რომ სურთ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე სისხლის სამართლის აღძვრა და ამით ჩემზე შეეცდებიან მანიპულირებას“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

ამასთან წერეთელი აცხადებს, რომ ტელევიზიასთან დაკავშირებით მუდმივად იყო შეტევები, თუმცა ამ შეტევებს მუდმივად უმკლავდებოდნენ.

„ტელევიზიასთან დაკავშირებით იყო ერთგვარი შემოტევები. ტელევიზია არის დამოუკიდებელი, ყოველთვის რჩება გავლენების მიღმა და მოვლენების შუაგულში, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

„სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის ერთ-ერთი მეწილე და „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხა.

პროკურატურის ინფორმაციით, ამავე საქმის ფარგლებში „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალი ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წაყენებული.