ვატო წერეთელი - ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე
ვატო წერეთელი - ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე

ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ (ვატო) წერეთელი წერს.

მისი თქმით, პროკურატურასთან კომუნიკაცია შედგა და უწყება ამის შესახებ საქმის კურსშია.

„მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაჟანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით ?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – „ტვ პირველს“ ვერ წაიღებთ ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.

პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.

ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა“, – წერს ვატო წერეთელი.

ბიზმესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარუდგინა.

„გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე“, – განაცხადეს პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დატოვე კომენტარი