ვატო შაქარიშვილი - თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით მერიამ კარგად დასაბუთებული, არგუმენტირებული შენიშვნები წარმოადგინა
ვატო შაქარიშვილი - თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით მერიამ კარგად დასაბუთებული, არგუმენტირებული შენიშვნები წარმოადგინა

თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით დღეს მერიამ ძალიან კარგად დასაბუთებული, არგუმენტირებული შენიშვნები წარმოადგინა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებას შეეხება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ვატო შაქარიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იქ დაისვა საკითხი, რომ გზები, პროექტები და ამოცანები, რაც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა დასახა, მათ მიერვე შემუშავებულ კონცეფციასთან არაა შესაბამისობაში. ჩვენ კარგად შეკავშირებული, კომპაქტური და მწვანე ქალაქი გვჭირდება, რის მიღწევასაც შესაბამისი ღონისძიებები ესაჭიროება“, – განაცხადა შაქარაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას და „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს ქალაქის მერიის მიერ აღმოჩენილი შეცდომები და ხარვეზები არ ესიამოვნათ, რაც გენგეგმაში არსებულ შეუსაბამობებზე მიუთითებდა.

„თუ მწვანე სივრცეების გაზრდაზე ვსაუბრობთ, არსებულ მწვანე სივრცეებს რატომ ვაქრობთ რუკაზე, სადაც რეალურად, სხვა მდგომარეობაა? უბრალოდ, ფერს რატომ ვადებთ და სარეკრეაციოს რატომ ვარქმევთ ზონას, სადაც არსებული რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია, რადგან იქ უკვე განაშენიანება და კონკრეტული კერძო საკუთრებები არსებობს? გენგეგმაში შეუსაბამობები არსებობს მწვანე ქალაქის, ტრანსპორტისა და კარგად შეკავშირებული ქალაქის მიმართულებით“, – განაცხადა შაქარაშვილმა.

როგორც შაქარაშვილმა განაცხადა, გენგეგმა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელსაც ფრთხილი, სრულყოფილი განხილვა სჭირდება, რადგან ის ქალაქის სტაბილურ, მდგრად განვითარებას მრავალი წლის განმავლობაში უნდა განსაზღვრავდეს.

ვატო შაქარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოდიოზურმა პოლიტიკურმა ფიგურებმა ის ქალის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს და მისი მისამართით, შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდა.

„ვისურვებდი, ისეთივე ბოდიში, როგორიც მე მოვიხადე, იმ ადამიანებისგანაც მომესმინა, ვინც ეს ყველაფერი ქალის შეურაცხყოფად გაყიდა. ქალს ამოფარებული კაცუნების ქმედებები და განცხადებები, რომლებიც გარკვეული მედიასაშუალებებით გაკეთდა, ამაზრზენი იყო. პოლიტიკური მასხარებისგან ჩემი მისამართით, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და ბრალდებებს ვისმენდი. საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, რომ მე ელენე ხოშტარიას ბოდიში მოვუხადე, როგორც ქალს“, – განაცხადა შაქარაშვილმა.